პრობაციის სააგენტო – მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველად მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
მათივე ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.
„მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, დასაქმების ობიექტების რიცხვი გაიზარდა, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
ასევე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სააგენტოს ბენეფიციარებისთვის ფსიქიატრისა და ნარკოლოგის პირველადი კონსულტაციის დაფინანსების მხარდაჭერაც“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.