ახალი ამბები

სოფელ კაკაბეთში მეღვინეობა „ველინო“ სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცეს გახსნის

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მოქმედი მეღვინეობა „ველინო“, მარანს აფართოებს. ადგილზე მალე სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცე გაიხსნება, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ტურისტები ადგილზე მიიღოს.

მეღვინე ბექა ჯიმშელაძე აცხადებს, რომ სადეგუსტაციო და სარესტორნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, დაგეგმილი აქვთ ასევე სასტუმროს მშენებლობაც.

„აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, მიმდინარე წელი მარნის გაფართოებას დაეთმობა და მალე შევძლებთ მომხმარებელს შევთავაზოთ სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი საგარეჯოში, სამომავლო გეგმებშია იგივე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაც“,- აღნიშნა მან.

კომპანიას ღვინო ამერიკაში, კანადაში, ბელგიაში, დანიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში გააქვს. „ველინო“ საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს შვიდი სახის ღვინოს სთავაზობს, ბრენდი ექსპორტზე 2019 წელს გავიდა და მას შემდეგ, მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. კომპანია 20,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და აქედან 80% ექსპორტზე გადის.