ჩემი ერთი დღე – ნანუკა ნაბორაშვილის ბლოგი
ამ ბლოგში გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი ერთი დღის შესახებ და ამისთვის ავირჩიე ოთხშაბათი დღე. ჩემი დილა ჩვეულებრივ იწყება 8 საათზე გაღვიძებით რათა მოვემზადო სკოლაში წასასვლელად. როგორც კი ვდგები პირველ რიგში ვიწყებ თავის მოწესრიგებას და დარჩენილ დროს გაკვეთილების გამეორებას ვუთმობ. სახლიდან გავდივარ 9 საათზე.
სკოლაში ფეხით მივდივარ და იქამდე მისასვლელად სულ 10 წუთი მჭირდება. პირველი გაკვეთილი 9:30- ზე იწყება. ოთხშაბათობით 6 გაკვეთილი მაქვს რომელიც 2 საათზე მიმთავრდება. სახლში რომ მივდივარ 10 წუთი მაქვს დრო რომ ცოტა დავისვენო, საჭმელი მივირთვა და მოვწესრიგდე რათა შემდეგ 3 საათამდე მივიდე ,,კახეთის ხმაში’’ სადაც სტაჟირებას გავდივარ.
,,კახეთის ხმაში’’ დაახლოებით ნახევარი საათი ვარ, ყველა ჯერზე როცა იქ მივდივარ, ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ და მნიშვნელოვან გამოცდილებას ვიღებ ჟურნალისტიკის სფეროში რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც დავიწყე სტაჟირების გავლა, ძალიან შემიყვარდა ეს საქმე.
ამას გარდა გაწევრიანებული ვარ სკოლის მეწარმეობის კლუბში, სადაც დიდ გამოცდილებას და ცოდნას ვიღებ. სწორედ ეს კლუბი გახდა იმის მიზეზი რომ დავინტერესდი ჟურნალისტიკის სფეროთი.
ამ კლუბში ყოველ ხუთშაბათს გვაქვს საინტერესო სესიები და გასვლითი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც ვეცნობით სხვადასხვა პროფესიებს და შესაძლებლობა გვეძლევა საკუთარ თავზე მოვირგოთ ესა თუ ის საქმე.
ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომავალი პროფესიის და საქმიანობის სწორად დაგეგმვაში. სწორედ ასეთი ერთ-ერთი გასვლითი აქტივობის დროს როდესაც ვეწვიეთ ,,კახეთის ხმას’’ გამიჩნდა სურვილი, რომ აქ გამევლო სტაჟირება. ვფიქრობ ყველა მოზარდი აქტიურად უნდა იყოს ჩართული მსგავს კლუბებში რათა მიიღოს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება და იპოვოს საკუთარი საქმე.
,,კახეთის ხმიდან’’ წამოსვლის შემდეგ, ისევ ფეხით მივდივარ სახლში რომ მოვასწრო მომდევნო დღისთვის გაკვეთილების სწავლა და დავალებების დაწერა. სწავლას როცა დავასრულებ გავდივარ გარეთ სკეიტით სასეირნოდ.
ჩემთვის სკეიტით სიარული და ამავე დროს საყვარელი მუსიკის მოსმენა დასვენების საუკეთესო გზაა. სახლში რომ ვბრუნდები ან წიგნს ვკითხულობ, ან ვხატავ. მიუხედავად რომ გვიან ვიძინებ დილით ადრე ადგომა არასდროს არ მიჭირს.