გარეჯის კომპლექსში შემავალი კლდეები იშლება
გარეჯის უდაბნოს კლდეები იშლება.
დაზიანებები ჩნდება კლდეში გამოკვეთილ მონასტრებში. დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ დაზიანებებს ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად: კლიმატის ცვლილების გავლენა. აღნიშნულ საკითხზე, Euronews Georgia-მ ვრცელი მასალა მოამზადა.
,,იშლება ეს კედლები და ქრება ჩვენს თვალწინ, ნელ-ნელა და შეუჩნევლად, მყარი ფაქტურა არ აქვს სამწუხაროდ”,– აცხადებენ ადგილობრივები.
დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე აცხადებს, რომ გამოქვაბულებს ხშირი წვიმები რეცხავს და ნესტი აზიანებს. მისივე განმარტებით, ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
,,წვიმა და ინტენსიური ნალექი რეცხავს ამ კლდეებს, მას სპეციფიური ფაქტურა აქვს, დაპრესილი ქვიშაა და ირეცხება თავისებურად. მაგალითად, მამა დავითის გამოქვაბული, ბოლო დროს ირეცხება ინტენსიურად და ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ იკარგება მე-6 საუკუნის ძეგლი. ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ნესტის ბრალია რომ იშლება კლდეები, ხან არის სეზონი, რომ არ არის წვიმები მაგრამ არის ხან წვიმების პერიოდი და ლამის მდინარე მოედინება აქ. ძალიან თვალსაჩინოა ცვლილებები”,-აცხადებს არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე.
მე-6 საუკუნეში გამოკვეთილ ნათლისმცემლის მონასტერში დაზიანებებს შესვლისთანავე დაინახავთ. მონასტრის ერთ ნაწილში სრულად ჩამოშლლილია კედლები და ჩამორეცხილია ფრესკები. დარგის სპეციალისტების თქმით, ასეთი დაზიანებები სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება.
,,წყალი აზიანებს ზედაპირს. რეცხავს ქანებს. ტემპერატურის ვარიაციაა ასევე მიზეზი. წარმოიდგინეთ რაღაც რომ გააცხელო და მერე გააცივო ბევრჯერ რა დაემართება და საუკუნეების მანძილზე რამდენჯერ მოხდა ეს გარეჯში და რამდენჯერ განიცდის ამას ის ქანები სადაც გამოკვეთილია გამოქვაბულები. უფრო რადიკალური გახდა ტემპერატურეს შორის ცვლილება, ანუ უფრო ცხელა და უფრო ცივა, უფრო წყალუხვი გახდა წვიმები და ჯამში ეს ფაქტორები იწვევს იმ ისედაც მოქმედი ბუნებრივი პროცესების დაჩქარებას”,- აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსოტეტის პროფესორი მიხეილ ელაშვილი.
ნახეთ მასალა ვრცლად:
დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ – დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ – ნათლისმცემლი. 6000 გარეჯელი მოწამე დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის – ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის – დავით აღმაშენებლის ძემ – დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი“).
XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები – უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია. გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი – წმიდა დავით აღმაშენებლისა – ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის – ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა – უდაბნოში. წმ. მამა დავით გარეჯელის საფლავი XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.
XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც. 1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს. XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები. XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.