კახეთში სასტუმრო „ვილა გოდოლი“ 2024 წლიდან ამოქმედდება
2024 წლის დასაწყისიდან კახეთში, კერძოდ სოფელ რუისპირში, პრემიუმ კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლი“ ამოქმედდება
ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მეტრზე განთავსებული კომპლექსი ერთ 56 ნომრიან სასტუმროსა და 25 სხვადასხვა ზომის ვილას გააერთიანებს, მომავალი კვირიდან კი სასტუმროს წინ ვენახის დარგვასაც დაიწყებენ, რომელიც 2 ჰექტარ ფართობზე გაშენდება.
„ამ ეტაპზე ფასადი, ფაქტობრივად, დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. კომპლექსის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი გვექნება ერთი მთავარი კორპუსი, ანუ სასტუმრო და სხვადასხვა ზომის ვილები, იქნება ორ, სამ და ოთხ საძინებლიანები. ვილების გაყიდვები უკვე დაწყებული გვაქვს, მფლობელები კი მის ფუნქციონირებას ჩვენს მენეჯმენტს გადასცემენ“, – განუცხადა BM.GE-ის სასტუმროს თანადამფუძნებელმა გიორგი ქოჩლაძემ.
სასტუმრო კომპლექსი 2022 წლიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა მშენებლობის პროცესებს თან ბევრი გამოწვევაც ახლდა – კადრების დეფიციტი, პროექტის შეთანხმების დროები და შემდეგ უკვე კოვიდ პანდემია, ამ პროცესებმა „ვილა გოდოლის“ ამოქმედების ვადები გადაანაცვლა, თუმცა სასტუმროს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროცესები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამოქმედების შემდეგ 80 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
რაც შეეხება კომპლექსის შექმნისთვის საჭირო ინვესტიციას, გიორგი ქოჩლაძის ინფორმაციით, სასტუმროს მთავარი კორპუსისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, მთლიანი კომპლექსის ჯამური ინვესტიცია კი 40 მილიონ ლარს შეადგენს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის ფართობი შეადგენს 3 770 მ2, ხოლო არქიტექტურული გადაწყვეტა დაკავშირებულია ტრადიციულ ქართულ სტილთან, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე ელემენტებთან. ეს კი დღევანდელი სასტუმროს სტანდარტებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.
,,სტილის შერჩევა რეგიონის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოხდა. სივრცე სასტუმროს დამსვენებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს უძველეს ტრადიციებს, ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიასა და კულტურული მემკვიდრეობის ნამუშევრებს.
რაც შეეხება სასტუმროს ნომრებს, მათი ინტერიერის კონცეფცია სახლის ტიპის მყუდრო ოთახების შექმნითაა განპირობებული.
მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით. კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, ხოლო დეტალებად გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.
აივნებისა და თაღების პროპორციები შეესაბამება ისტორიულ კახურ არიტექტურულ პროპორციებს. რაც შეეხება ფანჯრებს, ისინი მეტად აქცენტურია და გაფორმებულია კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კარნიზებით და ჩარჩოებით.
აღნიშნული ფასადის პროექტი წარმოადგენს ეთნიკურობისა და თანამედროვეობის მჭიდრო კავშირს, რომლის დიზაინიც პასუხობს მის კონტექსტსა და დანიშნულებას”,- აცხადებენ კომპანიაში.
ნახეთ ამავე თემაზე:
სოფელ რუისპირში სასტუმრო ,,ვილა გოდოლის” მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ რუისპირში ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი სასტუმრო გაიხსნება

