სოფელ რუისპირში სასტუმრო ,,ვილა გოდოლის” მშენებლობა მიმდინარეობს
კახეთში სასტუმრო „ვილა გოდოლი“ აშენდება. საუბარია 54 ნომრიან პროექტზე, რომელიც საპროექტო-სამშენებლო კომპანია „სპექტრუმმა“ მოამზადა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის ფართობი შეადგენს 3 770 მ2, ხოლო არქიტექტურული გადაწყვეტა დაკავშირებულია ტრადიციულ ქართულ სტილთან, რომელიც ინტეგრირებულია თანამედროვე ელემენტებთან. ეს კი დღევანდელი სასტუმროს სტანდარტებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.
,,სტილის შერჩევა რეგიონის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოხდა. სივრცე სასტუმროს დამსვენებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს უძველეს ტრადიციებს, ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიასა და კულტურული მემკვიდრეობის ნამუშევრებს.
რაც შეეხება სასტუმროს ნომრებს, მათი ინტერიერის კონცეფცია სახლის ტიპის მყუდრო ოთახების შექმნითაა განპირობებული.
მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით. კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, ხოლო დეტალებად გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.
აივნებისა და თაღების პროპორციები შეესაბამება ისტორიულ კახურ არიტექტურულ პროპორციებს. რაც შეეხება ფანჯრებს, ისინი მეტად აქცენტურია და გაფორმებულია კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კარნიზებით და ჩარჩოებით.
აღნიშნული ფასადის პროექტი წარმოადგენს ეთნიკურობისა და თანამედროვეობის მჭიდრო კავშირს, რომლის დიზაინიც პასუხობს მის კონტექსტსა და დანიშნულებას”,- აცხადებენ კომპანიაში.