თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 15 აპრილიდან ამოქმედდება
თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური და გადახდების კონტროლირების სისტემა 15 აპრილიდან ამოქმედდება.
მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0.70 ლარს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები:
პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
,,თუ ზემოთჩამოთვლილთაგან (მოსწავლის და სტუდენდის გარდა) მიეკუთვნებით რომელიმე კატეგორიას და შეღავათით სარგებლობის მიზნით გსურთ პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მიღება, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ტერიტორიულ ოფისებში თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხოლო სოფლად მაცხოვრებლებმა მიმართეთ შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს და თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათი, რომელზეც დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი, გაიცემა უფასოდ.
მოსწავლისა და სტუდენტის ბარათის მისაღებად მიმართეთ „თიბისი ბანკის“ თელავის ფილიალს (მის: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი N29).
მოსწავლისა და სტუდენტის ბარათი „თიბისი ბანკის“ მიერ გაიცემა უფასოდ და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეღავათის გააქტიურება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღეში.
მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, TBC-ის ნებისმიერი ბარათით და ციფრული საფულის მეშვეობით, ასევე თელავის სატრანსპორტო ბარათით.
თელავის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია:
„თიბისი ბანკის“ თელავის ფილიალში (ალაზნის გამზირი N29); ერეკლე II-ის გამზ N23-ში და ი. ჭავჭავაძის გამზ. N73-ში მდებარე მარკეტებში.
სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველის ფუნქცია”,-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.