ლაგოდეხში ახალგაზრდებმა, პროექტის ფარგლებში, ურბანული ხეების ციფრული რუკა შექმნეს
,,USAID-ის სამოქალქო განათლების პროგრამის” 2022 წლის მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ,,ლაგოდეხის ურბანული ხეების ციფრული სიცოცხლე” ფარგლებში, ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, პროექტის ფარგლებში, ურბანული ხეების ციფრული რუკა შექმნეს.
პროექტის მენტორის, ახალგაზრდული მუშაკის, გიორგი ედიშერაშვილის თქმით, ურბანული ხე ეწოდება ხეს, რომელიც ქალაქში ან ქალაქის ტიპის დასახლებაში დგას. განვითარებულ ქალაქებში ურბანულ ხეებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ურბანული, იგივე, ქალაქის ხეები მნიშვნელოვნად ამცირებს ქალაქების ეკოლოგიურ ზიანს და ხელს უწყობს იქ მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ურბანული ხეების საკითხზე ახალგაზრდებმა საინტერესო კამპანია წამოიწყეს. პროექტი სახელწოდებით ,,ლაგოდეხის ურბანული ხეების ციფრული სიცოცხლე“ გულისხმობს ქალაქის მნიშვნელოვან ურბანულ ხეებზე ინფორმაციის შეგროვებას და ფოტოსურათებთან ერთად მათ ციფრულ რუკაზე განთავსებას.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ძირითადად ქალაქ ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლას წარმოადგენენ, თუმცა, ურბანულ კამპანიაში სოფელ შრომის, სოფელ თამარიანის და ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იღებენ მონაწილეობას.
რას ტიპის აქტივობებს მოიცავს პროექტი?
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ სწავლება ურბანულ ბიომრავალფეროვნებასა და ციფრული რუკების მართვაზე. ამის შემდეგ, ადგილობრივი ურბანული მკვლევარის დახმარებით, მათ მოინახულეს ლაგოდეხის ყველა მნიშვნელოვანი ურბანული ხე, შეისწავლეს ამ ხეების წარმომავლობა, ისტორია, სახეობის დამახასიათებელი დეტალები და დაიწყეს მათი ციფრულ რუკაზე დატანა.
ახალგაზრდების ძალისხმევით ამ დრომდე ლაგოდეხის 30-ზე მეტი ურბანული ხე განთავსდა Google Map-ის სპეციალურად შექმნილ გვერდზე, თავისი სახელწოდებებით და აღწერით.
პროექტის შემდეგი ეტაპი უკვე მოკვლეულ ურბანულ ხეებზე მცირე ვიდეოისტორიების მომზადებას გულისხმოდა, რასაც ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა ასევე წარმატებით გაართვეს თავი. ამ დრომდე 15-მდე ურბანული ხის შესახებ მომზადდა მცირე ვიდეო – ამბავი რომელიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა.
პროექტის მენტორის, ახალგაზრდული მუშაკის, გიორგი ედიშერაშვილის თქმით, უახლოეს ხანში დაინტერესებული ადამიანები ბევრად მეტ გაცფიფრულებულ ხეებს და მათზე მომზადებულ საინტერესო ვიდეო – ამბებს იხილავენ.
,,ახალგაზრდებს სურთ დამატებით ქ. ლაგოდეხის კიდევ 100 ხეს დააკვირდნენ; შეისწავლონ მათი მდგომარეობა და გააცნონ საზოგადოებას. გარდა იმისა, რომ თითოეულ ხეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სასიცოცხლო გარემოსთვის, მათ ასევე გააჩნიათ ძალიან მაგარი ისტორიები.
მაგალითად, ლაგოდეხში გვაქვს რამდენიმე უნიკალური გინგკო ბილობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს მცენარედ ითვლება. ცნობილია, რომ გინგკოს ნაყოფს თავის დროზე დინოზავრები მიირთმევდნენ. ამ სახეობამ გამყინვარების პერიოდსაც გაუძლო. დღეს მისი აღმატებულება გინგკო ლაგოდეხის ურბანულ გარემოში გვხვდება, თუმცა ამ ხის მნიშვნელობა და მისი წარმომავლობა ბევრმა, მათ შორის ადგილობრივებმაც არ იციან.
ლაგოდეხის ხეების დიდი ნაწილის ასაკი 70 წელს აღწევს. სწორედ 70 წლის წინ დაიწყო ქალაქის ურბანულ ნაწილში ხეების მასობრივად დარგვა, თუმცა ქალაქისთვის უცხო არ არის 100 წლის და საუკუნეს გადაცილებული ხეები. ასეთები ძირითადად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დამაარსებლის, პოლონელი ნატურალისტის, ლუდვიგ მლოკოსევიჩის დარგულია“, – ამბობს ახალგაზრდული მუშაკი.
როგორც გიორგი განმარტავს, აღნიშნულ პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს:
,,პროექტის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდებს განუვითარდეთ კვლევის, ანალიტიკური, ციფრული და გარემოს დაცვითი უნარები, ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნება, რაც ხელს შეუწყობს მათში მოქალაქეობრივი კულტურის და სულისკვეთების ამაღლებას.
გარდა ამისა, პროექტის მიზანია დააფიქროს ადგილობრივი საზოგადოება და ხელისუფლება, არა მხოლოდ არ დააზიანონ, არამედ ხელი შეუწყონ ურბანული ხეების სიცოცხლისუნარიანობას, მათ გაჯანსაღებას და გამრავლებას.”
ვიდეოები ურბანულ ხეებზე, რომელიც განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ფ.ბ გვერდზე