საზოგადოების მოსაზრებები კანონპროექტის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი ერთმა დაუჭირა, სხდომას კი, ჯამში, 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით, 7 მარტს მიიღო. თუმცა, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც.
სამოქალაქო აქტივისტს ნოდარ ეჟიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება საშიში იყო, რადგან ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას და ევროპული ინტეგრაციის გზას.
,,მიუხედავად ჩვენი უცხოელი პარტნიორების გაცხადებული გზავნილებისა, პარლამენტმა მაინც გადაწყვიტა მიეღო კანონპროექტი. ეს, დიპლომატიურ ენაზეც და ზოგადადაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ სჭირდება დღევანდელ მთავრობას. ამ კანონპროექტის დაყენების საჭიროებაც კი არ იყო, ქვეყანას კიდევ ერთხელ შეულახეს იმიჯი. კიდევ კარგი, ვერ მიიღეს კანონი, თორემ კიდევ 100 წლით დავშორდებოდით ცივილურ სამყაროს, ევროპული ოჯახის წევრობას და დავრჩებოდით რუსეთის აგრესიის, მისი ბინძური პოლიტიკის პირისპირ. ჩემი აზრით, ასე არ შეეშვებიან, რაღაც სხვა ფორმულირებით მაინც ეცდებიან გაგრძელებას. მთავრობამ რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, უშუალოდ ამ პუნქტს არღვევდნენ. 12 პუნქტიან გეგმის შესრულებაშიც მიუღწეველი არაფერია, მხოლოდ ნებაა საჭირო ამისათვის, ვიცით რა უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში”.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებდა, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრებოდა, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირებულიყო. ,,სოციალური ქოლგას” დამფუძნებელ ნათია მექვაბაურს მიაჩნია, რომ მსგავსი კანონპროექტი დემოკრატიული პრინციპებისგან დაცლილია.
,,ნებისმიერი ფასეულობა, რაზეც დემოკრატია დგას, რაც ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ ძლიერი, თავისუფალი და მოაზროვნე, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, როდესაც პროექტში ვიმარჯვებთ ვაკეთებთ ხელშეკრულებას დონორთან, სადაც დაწვრილებითა გაწერილი ყველაფერი, მაგალითად, თანხის მიზანი, ამოცანა, ვალდებულებებია გაწერილი, რა უნდა წარვადგინო, ეს ხელშეკრულება იტვირთება სხვადასხვა სამთავრობო საიტებზე. ვერ მოხდება ფინანსური ანგარიშგება, დონორი ფულს ვერ გადმომირიცხავს თუ ამ ყველაფერს არ ვაჩვენებთ სახელმწიფოს გავლით. მოსახლეობა არ არის ამ ყველაფერში ჩახედული და როცა იარლიყები არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, გაიგოს რაში იხარჯება ფული, თუნდაც იქედან რომ გამოითხოვოს ინფორმაცია. დამალული და დაფარული არაფერია”.
სამოქალაქო ატივისტი ნოდარ ეჟიშვილი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით სურდათ სამოქალაქო ორგანიზაციების კიდევ უფრო მეტი კონტროლი და სექტორის დეგრადირება.
,,ვისაც 20%-ზე მეტი შემოსავალი ექნებოდა უცხოური ფული, უნდა მისულიყვნენ თავისი ფეხით იუსტიციის სახლში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები. ესეიგი, თუ დარეგისტრირდებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ არ დაიჭერდნენ, თუმცა იტოვებდნენ ბერკეტს, რომ მათზე სამართლებრივად ზეწოლა მოეხდინათ”.
,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ბიუროს ხელმძღვანელი არჩილ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ სამოქალაქო პროტესტს ძალიან დიდი ძალა აქვს.
,,რამდენიმე დღეა ვაპროტესტებთ და ვმართავთ თელავში აქციებს. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დიდმა ჩართულობამ, მოქალაქეების აქტიურობამ, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილს გადააწყვეტინა, რომ ეს იყო ზღვარი, რისი გადალახვის შემდეგაც მას შეექმნებოდა პრობლემები პერსონალურად”.
მოძრაობა ,,დროას” კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის ჩავარდნის მთავარი ინიციატორი იყო ახალგაზრდობა, მოქალაქეები, ვისაც ადარდებთ საქართველოს ბედი და დადგნენ თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე.
,,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებას, ეს ვიხილეთ სწორედ ამ საპროტესტო აქციებზე.”.
პროფესორი გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე არცერთი საზოგადოება არ ვითარდება.
,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საქართველო ყველასია და ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირი. საზოგადოების ბრძოლის შედეგია წარსულიც და მომავალიც ასე იქნება. უბრძოლველად არაფერი მოდის. სამოქალაქო საზოგადოების გარეშე არცერთი საზოგადოება და ქვეყანა არ ვითარდება. ყველაფერი ის, რაც სამოქალაქო საზოგადოებას უქმნის საფრთხეს, არის ცუდი, ეს არის ანბანური ჭეშმარიტება და ყველამ უნდა იცოდეს”.