რა პროცედურებია საჭირო კანონპროექტის პარლამენტიდან გასაწვევად – კონსტიტუციონალისტების განმარტება
როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რეალურად პროცესის დასრულება მხოლოდ იმით შეიძლება, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ და ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა აღნიშნული კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ჩააგდონ.
,,პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინეებს პირველი მოსმენით მიღებული, კენჭნაყრელი კანონპროექტის გაწვევას ამ წესით. მისი გაგრძელება იურიდიულად ნებისმიერ დროს შეიძლება. მკაფიო დასკვნის გაკეთება რთულია, თუმცა მათ კარგად იციან, რა წერია რეგლამენტში, რომ ამ წესით არ ხდება გაწვევა. მეორე საკითხია ის, რომ განცხადებაში განხილვებზე საუბრობენ. ყველაფერი ერთად მაფიქრებინებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგება და არა რეალურად უარის თქმა ამ რუსულ კანონზე”.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, კანონპროექტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, ბიურომ სასწრაფოდ უნდა ჩასვას დღის წესრიგში პირველი მოსმენით მიღებული კანონის განხილვა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და პლენარულ სესიაზე თავადვე ჩააგდონ. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ, ამით პირველი კანონპროექტის საკითხი დასრულდება. მეორე ვარიანტს კი, ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.
,,იმ შემთხვევაში, თუ ბიუროზე არ დადგება კენჭისყრის საკითხი, მაშინ ეს ფარსია, რადგან ნებისმიერ დროს უფლება აქვთ ცოტა დააყოვნონ, პროტესტი გადაივლის და შემდეგ უყარონ კენჭი და მეორე მოსმენით მიიღონ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, პროექტის გაწვევას ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი. ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და “ხალხის ძალამ” საკუთარი ხელმოწერებით უარი უნდა თქვას მასზე“, – წერს მენაბდე.
გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
„მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ფოკუსირდეს მოუწოდებს.
,,საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიღების გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის ჩამშლელი საქმიანობა. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას!“- წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.