ახალი ამბები

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით კახეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 4 700-ით არის შემცირებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გასულ წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 4 700-ით არის შემცირებული.

საქსტატის ოფიციალურ გვერდზე, მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკავშირებით ინფორმაცია 1994 წლიდან არის განთავსებული, რომლის მიხედვითაც, კვლევის დაწყებიდან 2022 წლამდე, ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. აღნიშნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1994 წელს ქვეყანაში 4 929 900 პირი ცხოვრობდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი თითქმის 1 მილიონზე მეტით არის შემცირებული და შეადგენს 3 688 600 მოსახლეს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლისთვის საქართველოში 3 688 647 მოსახლიდან, მამაკაცი 1 769 995-ია, ხოლო ქალი 1 918 652.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, 1994 წელს აქ 456 300 მოსახლე ცხოვრობდა, 2022 წელს კი 304 900 პირი ცხოვრობს. რაც 151 400-ით ნაკლებია მაშინდელ მონაცემებთან შედარებით.

კახეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო სამი წლის მიხედვით: 
2020 წელი- 310 100 მოსახლე
2021 წელი- 309 600 მოსახლე
2022 წელი- 304 900 მოსახლე

აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება. გასულ წელთან შედარებით წელს, კახეთში მცხოვრები რაოდენობა 4 700-ით არის შემცირებული.

ბოლო სამი წლის მონაცემებით, ქალაქსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაც შემცირებულია:

2020 წელს კახეთის რეგიონში ქალაქებში ცხოვრობდა 70, 700 მოსახლე, ხოლო სასოფლო დასახლებებში 239 400.

2021 წელს რეგიონში ქალაქურ დასახლებებში ცხოვრობდა 70 900 მოსახლე, ხოლო სასოფლო დასახლებებში 238 600.

2022 წლის იანვრის მონაცემებით, ქალაქური ტიპის დასახლებებში ცხოვრობდა 69 900 მოსახლე, ხოლო სასოფლო დასახლებებში 235 000 მოსახლე.