25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში.
103 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოვიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
წითელი არმია საქართველოში „აჯანყებული მშრომელების“ მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა, 25 თებერვალს, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კი თბილისი აიღო. საბრძოლო მოქმედებები შემდეგაც გაგრძელდა. 17 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა დატოვა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
თავისუფლებისათვის ბრძოლას არაერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. მათ შორის, განსაკუთრებით, კოჯორ-ტაბახმელასთან. სწორედ აქ მოხდა თბილისის დასაცავად ყველაზე მწვავე ბრძოლები, რომელშიც ქართველი იუნკრები და კადეტები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის ამ დღეს ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.