საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა-კვლევა
„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა,“ -ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ბინების 26% აშენებულია – 2011-2021 წლებში, ხოლო 4% 1991-2010 წლების პერიოდში.
„საქართველოში არსებული შინამეურნეობების 91% ფლობს საცხოვრებელ ადგილს, რაზეც გავლენას ახდენს როგორც ტრადიციები, ასევე ურბანიზაცია და ეკონომიკური განვითარების დონე. აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში საცხოვრებლის ფლობის მაჩვენებელსა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის აშშ დოლარით) ძლიერი უარყოფითი კორელაციური კავშირია, ხოლო იპოთეკურ სესხებთან ძლიერი დადებითი. თუ ჩავთვლით, რომ პერსპექტივაში საქართველოც მსგავს ტრენდს გაჰყვება მოსალოდნელია, რომ უფრო ნაკლები შინამეურნეობა იცხოვრებს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში და მეტი იჯარით აღებულში. რაც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის, მაგრამ უფრო ინვესტორების მხრიდან, და ნაკლებად უშუალოდ მაცხოვრებლის. ასევე გასათვალისწინებელია შინამეურნეობაში წევრების რაოდენობა, რასაც ასევე ამავდროულად შემცირების ტენდენცია უნდა ჰქონდეს, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოთხოვნის გენერაციაში,“- აღნიშნულია ანგარიშში.