რას ითვალისწინებს გურჯაანის სივრცითი განვითარების გეგმა
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ახლო მომავალში, კახეთის რეგიონში, ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ცენტრი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
ამ ეტაპზე, პროექტის ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარების სივრცითი განვითარების გეგმა“ ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც დარგების მიხედვით პრობლემების მოკვლევას ეხება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, სამუშაოებს 25 კაციანი გუნდი ასრულებს.
,,პროექტს აქვს 3 ძირითადი ეტაპი, პირველი უკვე მიმდინარეობს, რომელიც თვის ბოლოს უნდა დასრულდეს, შემდგომი ეტაპი გახლავთ კონცეფციის შემუშავება და ბოლოს, მესამე ეტაპი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაა“.
ყველაზე რთული კონცეფციის შემუშავებაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ისაზღვრება თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი, რომელ სოფელს რისი პოტენციალი აქვს, რა აქცენტები უნდა დაისვას და რა პრობლემურმა საკითხებმა უნდა წამოწიოს წინ.
,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა საკითხებისა და დარგების მიხედვით. ეს იქნება სატრანპორტო, საინჟინრო თუ სხვა, ნებისმიერი მიმართულება“.
საპროექტო კომპანიის ,,ამხანაგობა 21,, არქიტექტორი გია აბულაძე განმარტავს, რომ სივრცითი განვითარების გეგმა, რომელიც ქალაქის ცენტრის განაშენიანების გეგმასაც მოიცავს, მუნიციპალიტეტისთვის, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში, სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა გახდეს.
,,მომუშავე ჯგუფი არის ძალიან დიდი, ორი არქიტექტურული კომპანია ვართ ჩართული, ასევე ეკონომისტების ჯგუფი, სხვა კონკრეტული დარგის სპეციალისტები როგორც ტრანსპორტის, ისე სოფლის მეურნეობის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით და ასე შემდეგ. გვეხმარებიან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენაშიც“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია საკითხების დარგობრივი სისტემატიზაცია:
,,ჩასატარებელი რომ, მაგალითად, საპარკო სისტემა ჩამოყალიბდეს და საინტერესო გახდეს როგორც გურჯაანელებისთვის, ისე ტურისტების მოზიდვის საშუალება გახდეს. ეს ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, სამუშოა სხვადასხვა მიმართულებით ბევრია. რაც შეეხება სივრცითი მოწყობის გეგმას, დაახლოებით, ეს არის 10-15 წლიანი სამოქმედო გეგმა გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც ყველამ უნდა დაიდოს მაგიდაზე და საკუთარი დარგის მიმართულებით განავითაროს. თუ დროსთან ერთად მოთხოვნები შეიცვალა, შეუძლიათ, ცვლილებები შეიტანონ.“
გეგმის მესამე ეტაპი, რომელიც უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ეხება, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის მაისში უნდა დაიწყოს.