სიღარიბე სამხრეთ კავკასიაში
სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოსახლეობა და ხელისუფლება ფუნდამენტურად არ ეთანხმება ერთმანეთს ცხოვრების დონის შეფასებაში.
ოფიციალური სტატისტიკით სიღარიბე მარცხდება, თუმცა, რიგითი მოქალაქეები და ექსპერტები სხვა რამეს ამბობენ.
როგორ ხდება ეს?
2022 წლის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში “დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა“.
მისი თქმით, 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბე 17.5 პროცენტი გახდა, მაშინ როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს აღემატებოდა.
იგივე განაცხადა ნოემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო ერთ წელში 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, შემცირდა სიღარიბე და „უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ ბოლო 3-4 წელიწადში 400 ათასმა ადამიანმა დასძლია სიღარიბე და 2030 წლისთვის ქვეყანა საბოლოოდ გაანულებს სიღარიბეს“.
თუმცა, პარალელურად, განსხვავებულ სურათს აჩვენებს გამოკითხვები: კვლავინდებურად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა. 75 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა.
მართლა რამდენი ღარიბია საქართველოში?
ეკა (სახელი შეცვლილია)
“ვარ 38 წლის, ვცხოვრობ ქობულეთში ქმართან და ორ შვილთან. საკუთარი სახლი არ გვაქვს, ცარიელ ფართში ვართ შესახლებულები და როდის გამოგვყრიან, არ ვიცი. აბსოლუტურ სიღარიბეს რომ ეძახიან, იმ ზღვარს ქვემოთ ითვლება ჩემი ოჯახი.
ზაფხულში მეტი სამუშაოა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ 540 ლარს. ეს არის ჩვენთვის ოთხივესთვის მთავარი შემოსავალი. გარდა ამისა, მე კიდევ სახლებს ვალაგებ, სასტუმროებს. ზაფხულში უფრო კარგად მაქვს მუშაობა, როცა ტურისტები არიან. როცა სეზონი არ არის, კვირაში ერთხელ თუ დავალაგებ სახლს ვინმესთან.
ჩემი ქმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს, მაგრამ სახლში ძალიან მეხმარება – ბავშვებთან მთელი დღე ის არის.
ბავშვობაც გაჭირვებული მქონდა. ქობულეთში დავიბადე, სოფელი დაგვაში. ექვსი და-ძმა ვიყავით, 33 წლის იყო დედაჩემი, როცა დაქვრივდა. მამაჩემი ბათუმში მუშაობდა, სატელეფონო ატეესში. ერთ დღეს დაურეკეს, ხაზი იყო სადღაც გაწყვეტილი, წავიდა შესაკეთებლად და თურმე, ვიღაცას არასწორად მიუერთებია დენის ხაზი ტელეფონთან და დენმა დაარტყა 38 წლის ასაკში. ხომ გახსოვთ, მაშინ, 90-იანებში, ყველას რაღაც ხაზი ჰქონდა გამოყვანილი და მაგას შეეწირა მამაჩემი.
ექვსი და-ძმა დავრჩით. ოთხი და და ორი ძმა. საწყალი დედაჩემი იყო ჩვენთვის დედაც, მამაც, ბებიაც, ბაბუაც. დილიდან საღამომდე მუშაობდა, მოყავდა სოფლის ნობათი, დაატარებდა ქალაქში, ყიდდა და მაგითი ვცხოვრობდით. მაშინ ყველა ცუდად ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენ მაინც სხვებზე ხელმოკლედ,“ – ამბობს ეკა.
ვრცლად ნახეთ მასალა:
http://project.jam-news.net/sigharibe-sakartveloshi-azerbaijanshi-da-somxetshi?fbclid=IwAR3kP4LOdBoJqBIYRLbdCG0oRqooB6zGPgiSuR2GdpnBcqtfrwvGITvYel4