კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზარს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვის საფუძველზე თამბაქოს ბაზარს შეისწავლის.
არასამთავრობო ორგანიზაციამ სააგენტოს წერილობით უკვე მიმართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათი მხრიდან თამბაქოს ბაზარზე დაკვირვებამ და გარემოებების შესწავლამ აჩვენა, რომ ადგილი აქვს ბაზარზე ფარულ შეთანხმებებს, კარტერული ხასიათის გარიგებებს, იმგვარ მონოპოლურ მდგომარეობას, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი ნაწარმის განვითარების შემცირებაზე, მიმართულია დარგის რღვევისკენ და სავარაუდოდ, ემსახურება მხოლოდ სამი იმპორტიორი კომპანიის ჯგუფურ დომინანტობას.
ორგანიზაცია აღნიშნავს და მიუთითებს, რომ ბაზრის შესწავლისა და დაკვირვების ანალიზი აჩვენებს შემდეგს – სფეროში, სავარაუდო არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შედეგად, მიმდინარეობს ადგილობრივი წარმოების გეგმაზომიერი მოშთობის მრავალწლიანი პროცესი. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ასე მაგალითად, თუ 2014 წელს ადგილობრივი წარმოების მიერ შესყიდულ იქნა 123 787 000 აქციზური მარკა, 2015 წელს იგი განახევრდა და გახდა 65 620 000, 2022 წლის 10 თვის მონაცემებით კი ამ ციფრმა შეადგინა მხოლოდ 25714 000.
„როგორც წესი, თამბაქოს ნაწარმის ბიზნესში, მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ძლიერი ჯგუფი ოპერირებს. არცერთ საშუალო ზომის ეროვნულ წარმოებას არ შესწევს იმის უნარი, რომ ტექნოლოგიურ-ხარისხობრივი თუ მარკეტინგულ-ბრენდული თვალსაზრისით, სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს მათ.
არც ქართული თამბაქოს ბაზარია გამონაკლისი. წლების განმავლობაში, იგი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დომინირების ქვეშაა.
ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ, რა ხერხებით ხდებოდა თამბაქოს ადგილობრივი წარმოების შევიწროება წლების განმავლობაში, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სფეროში დასაქმებული 3000 თანამშრომელი დღეს 500-მდეა შემცირებული, გაჩერდა თამბაქოს ერთი ქართული ფაბრიკა, მოიკლო ბიუჯეტში შენატანებმა და არნახულ მასშტაბებს მიაღწია კონტრაბანდამ. ყოველივე ამის მიზეზს კვლევა აჩვენებს, მაგრამ ამჯერად ამაზე არ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. ბაზრის მონიტორინგის პროცესში, ჩვენ დავაფიქსირეთ ფაქტები, რომლებიც ქართული თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელოვნურად გაჩერების შესაძლო მცდელობების არსებობაზე მიუთითებენ“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიმართვაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადების მიხედვით, ადგილობრივი წარმოებისათვის იმპორტიორებთან კონკურენციის ერთადერთი ხელმისაწვდომი ე.წ. დაბალი, იაფფასიანი საბაზრო ნიშაა.
„უფრო მეტიც, ადგილობრივი წარმოება საშუალო და მაღალ სეგმენტებში საერთოდ არ ოპერირებს, რადგან თავის დროზე მთავრობამ, სამწუხაროდ, ვერ აღკვეთა ზოგიერთი იმპორტიორის მხრიდან დემპინგური ფასები ფილტრიან სიგარეტებზე (2014-2015 წლებში). ასევე, ადგილობრივ წარმოებაზე წნეხი გაზარდა იმპორტიორთა ლობიზმის შედეგად განხორციელებულმა გადასახადის თითქმის 300%-მა მატებამ 2017 წელს, 2019 წლიდან კი უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრებამ. ამან თამბაქოს მწარმოებელი ქართული კომპანიები იძულებული გახადა დაბალფასიან სეგმენტში ერთი კოლოფი სიგარეტის საცალო ფასი 5 (ხუთი) ლარით განესაზღვრათ.
მოცემულ საბაზრო ფასს ეკონომიკური აგენტები წლების განმავლობაში ინარჩუნებდნენ. რაც შეეხებათ სიგარეტის იმპორტიორ კომპანიებს, მათ მიერ დადგენილი სარეალიზაციო საცალო ფასი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სტაბილურად ექვს ლარზე მეტი იყო“, – აღნიშნულია მიმართვაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, ეს მდგომარეობა, როგორც ბაზრის შესწავლამ გვიჩვენა, მკვეთრად შეიცვალა 2022 წლის დეკემბერში, როცა ბაზარზე სამმა იმპორტიორმა ერთდროულად მოახდინა საკუთარი პროდუქციის გაიაფება და გაყიდვაში ჩაუშვა ახალი შეფუთვით რამდენიმე სახის თამბაქო, რომელთა სარეალიზაციო საცალო ფასი განისაზღვრა ხუთი ლარით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი შეფუთვით პროდუქციის ხაზზე გაშვებას აუცილებელი მოსამზადებელი პერიოდი ჭირდება, ნათელია, რომ სამი კომპანიის მხრიდან გაიაფების ეს ერთდროული აქტი აშკარად მიუთითებს გარიგებისა და შეთანხმების შესაძლო არსებობაზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ გაიაფება ხდება პირობებში, როცა სახეზეა მსოფლიოში ენერგეტიკულ რესურსებზე, ნედლეულზე, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკაზე ფასების მკვეთრი, ზოგჯერ 100-300%-იანი ზრდა. ორგანიზაციისთვის, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ აქვს ადგილი ადგილობრივ წარმოებასთან დემპინგური ფასებით ბრძოლას, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა?!
ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოცდილება და მსოფლიო პრაქტიკაც გვაძლევს უფლებას, მომხდარი შევაფასოთ ქართული თამბაქოს ადგილობრივი წარმოების გასაჩერებლად გადადგმულ ნაბიჯად და გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ:
1. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ ეკონომიკურ აგენტებს შორის შედგა არაკეთილსინდისიერი („კარტელური“) გარიგება იმ მიზნით, რომ ბაზარს ჩამოაშორონ ადგილობრივი წარმოების კონკურენტი კომპანიები.
2. მოცემული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ისინი დაიკავებენ აბსოლუტურად დომინირებულ პოზიციას ქართულ ბაზარზე, რაც ბუნებრივია, სამომავლოდ დააზიანებს მომხმარებელთა უფლებებს და ნეგატიურ ეფექტს მოახდენს პროდუქციის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე.
3. ამასთანავე, ცხადია, რომ ქართული წარმოების გაჩერება გამოიწვევს დარგში დასაქმებული 500-მდე პირის უმუშევრობას და საბოლოო ჯამში, ადგილობრივი კონკურენტის გარეშე დარჩენილ ბაზარზე, ერთი მხრივ, მოხდება ფასების განუხრელ ზრდა და მეორე მხრივ, ისედაც გაზრდილი კონტრაბანდის მასშტაბები – კიდევ უფრო გაფართოვდება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია ასრულებს უმთავრეს ფუნქციას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში, პროდუქტიულობასა და ბაზრის ლიბერალიზაციაში.
აღნიშნული საკითხის რეგულირების მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ამ ფუნქციას ასრულებენ. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს უწესებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენციის განვითარება. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფო უნდა ასრულებდეს შუამავალი აგენტის ფუნქციას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს სამეწარმეო თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი გარიგების დადება ან შეთანხმებული ქმედების განხორციელება, რომლის მიზანია კონკურენციის შეზღუდვა. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაკუთრებით საზიანო შეზღუდვად მიიჩნევს პირდაპირ და არაპირდაპირ, შესასყიდი ან გასაყიდი ფასის ანდა სხვა სავაჭრო პირობის ფიქსაციას.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით აკრძალული ქმედება. კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ზ/დასახელებული სამი იმპორტიორი კომპანიის ჯგუფური დომინანტობა კი თქვენი სააგენტოს 2020 წლის ანგარიშშიცაა მითითებული. სახეზეა ფაქტი, როცა ეკონომიკური აგენტების მიერ საფასო პოლიტიკის დადგენით ზიანი ადგება ეროვნული წარმოების საწარმოებს და მიზნად ისახავს ბაზრიდან მათ განდევნას.
მიგვაჩნია, რომ საჯარო ინტერესს წარმოადგენს საფუძვლიანად იქნას გამოკვლეული აღნიშნული საკითხი. მით უფრო, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული წარმოების დაცვას და განვითარებას.
ამდენად, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოგმართავთ თხოვნით, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიწყოთ არსებული საკითხის შესწავლა – მოკვლევა. ორგანიზაცი მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.