საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება
საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და გეგმურ მკურნალობას თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ აგრძელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ვინაიდან მამაკაცის მდგომარეობა ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა, ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან თბილისში ერთი კვირის წინ მოათავსეს.
„24 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ღრმა დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში, დაზიანებული ჰქონდა ბარძაყის მთავარი არტერია და ვენა. ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკაში გეგმურ მკურნალობას გადის და მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, – განაცხადეს სამედიცინო ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან ერთი პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.