კახეთში სამეწარმეო ფორუმი გაიმართა
თელავში, სამეწარმეო ფორუმი – „მეწარმეობის განვითარება რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“MCK ორგანიზებით ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის, აგრეთვე, პროფესიული კოლეჯების, სკოლებისა და თელავის სახელმწიფო უნიერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმი სასტუმრო ესკიზში ჩატარდა და ჯამში 100 ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის პარალელურად მოეწყო ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქტების გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სამეწარმეო პოტენციალის ჩვენებას და პოპულარიზაციას. გამოფენა – გაყიდვაში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმე ქალთა პროდუქცია. ფორუმის მიზანია მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს სტიმულირება და ადგილობრივი და ეროვნული მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების ჩართულობით გზით.
ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ადგილზე დაათვალიერა მეწარმე ქალთა მიერ წარმოდგენილი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. ელჩი გამოფენის მონაწილეებს პირადად გაესაუბრა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს – გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და „მედია ცენტრი კახეთის“ MCK დირექტორმა, მაია მამულაშვილმა. ფორუმის მონაწილეები გაეცნენ მეწარმე ქალის – თამარ მიქელაძის მიერ დაფუძნებული კომპანია „კუმპას“ ისტორიას და ახალგაზრდა მეწარმეთა სასწავლო პროგრამებს ახალსოფლის სკოლიდან, რომელსაც სათავეში უდგას პედაგოგი შორენა ყარალაშვილი.
გამომსვლელთა მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მეწარმე ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სამეწარმეო პოტენციალის მხარდასაჭერად.
თემაზე – იხილეთ ვიდეო აქ: