აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა.
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.
ცნობისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ 19 იანვარს გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს საქართველოს მთავრობა შეაქო იმისთვის, რომ ის დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ის ამ ინიციატივას არ მიესალმება.