კახეთში საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეშვიდე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 83 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, დედოფლისწყარო – 12, საგარეჯო – 3, თელავი – 3, სიღნაღი – 3, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, ასპინძა – 1, ახალციხე – 1, ნინოწმინდა – 6, დმანისი – 16, თეთრიწყარო – 1, წალკა – 2, მცხეთა – 1, ყაზბეგი – 1, გორი – 3, კასპი – 1, ქარელი -2, წყალტუბო – 13, ბაღდათი – 1, სენაკი -2, ონი – 2.
“2022 წლის 28 მარტიდან, სააგენტომ შეარჩია და ექვს ეტაპად გამოაქვეყნა აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები. ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12 650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას – 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14 495 ჰა. ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133 271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 46 (6183 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.