რა ეტაპზეა თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესი
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთსა და საგარეჯოს შემოვლით გზაზე ეწყობა ყრილები, საფუძვლის ფენა, რკინიგზის სახიდე გადასასვლელები, ხელოვნური ნაგებობები და მიმდინარეობს ხიდების ხიმინჯების მშენებლობა.
პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი მაგისტრალური გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის შემადგენელი მონაკვეთებიდან ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.