რა ღირს ბინები ქირით კახეთში
ბოლო 4 წელია, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ბინების ქირის საფასური ეტაპობრივად იზრდება.
ფასების ზრდა განსაკუთრებით თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტშია შესამჩნევი, რადგან ტურისტების შემოდინებაც სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით მეტია.
თელავში ქირით მაძიებლების განცხადებები სოციალურ ქსელში ხშირად ქვეყნდება, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, სათანადო პირობების ბინას, სათანადო რაოდენობის ქირით ვერ პოულობენ.
,,ბინები ისეა გაძვირებული, 300 ლარადაც ვეღარ ვშოულობთ. რამდენი ხანია ვპოსტავთ და უშედეგოდ. ფასები ხშირ შემთხვევაში 350 ლარიდან იწყება და იმ სახლებში სათანადო პირობები არ არის. ბოლო პერიოდია გაიზარდა ბინების ქირა, თორემ ადრე 200 ლარად მქონდა დაქირავებული კორპუსის ბინა ნორმალური პირობებით. ვფიქრობ ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველაფერი გაძვირდა, როგორც კომუნალურები, ასევე პროდუქტები და ხალხს ვინც ბინას აქირავებს, 100 და 200 ლარად ბინაში სხვისი შეშვება არ უღირს”,- აცხადებენ ადგილობრივები.
გარდა თვეში გადასახადისა, გაიზარდა ბინების დღიურად გაქირავების თანხაც. სხვადახვა საიტებზე გამოქვეყნებული განაცხადების მიხედვით, 1 დღით 1 ოთახის დაქირავება 100 ლარიდან არის შესაძლებელი.
თელავის მსგავსად, ბინების გაქირავების ფასი გაიზარდა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები ციური მანიჟაშვილი აცხადებს, რომ სახლს და ოთახებს სეზონურად სხვა რეგიონიდან სამუშაოდ ჩამოსულ პირებზე აქირავებს. გადასახადი კი თვის განმავლობაში თითოეულ პირზე 100 ლარიდან იწყება.
,,ოთახები მაქვს და სეზონურად 10-მდე ადამიანზე ვაქირავებ. თითოეულის შემთხვევაში ქირის რაოდენობა სხვადასხვანაირია, იმიტომ რომ სხვადასხვა დროით სჭირდებათ ოთახები. ქირის ფასი 100 ლარიდან იწყება. მართალია ძალიან ცოტაა, რადგან ამით კომუნალურებსაც ვიხდი, მაგრამ როცა რამდენიმე ადამიანი ერთად არის, მაინც შემოსავალია”,- განაცხადა ციური მანიჟაშვილმა.
გარდა ქირის თანხისა, ასევე საცხოვრებელ უძრავ ქონებზე ფასები გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 14.3%-ით არის გაზრდილი, წინა კვარტალთან შედარებით კი ზრდა 5.5%-ია.
ერთი წლის განმავლობაში ფასები 12.5%-ით მეტად არის გაზრდილი მრავალსართულიან ბინებზე, კერძო სახლებზე კი ფასები 18%-ით არის მომატებული.
ბინებისა და საკუთარი სახლების გაძვირება 2023 წელსაც მოსალოდნელია. “თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მიმდინარე წელს დამატებით 18%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 28%-ით გაიზრდება.
,,2022 წელს კი საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ მიგრაციითაა განპირობებული. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში გასაყიდი ფასი -15%-ით, ქირის ფასი – 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.