პრემიერი: ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია
ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, პირველი რეკომენდაციის შესრულება კი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომელიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ, ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება აი ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე, მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა, ვინაიდან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის შემცირებას და დასრულებას, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი და ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაც შეაფასა:
“ჩვენ გვქონდა ძლიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყნებზე”, -აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია.
„ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური გახილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედმეგ, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი რა თქმა უნდა იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.