როგორია წყლის ხარისხი კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლებია წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ხან წყლის ხარისხზე ჩივიან, ხან კი არასაკმარის გრაფიკზე. წყლის პრობლემა ზაფხულში მაღალი სიცხის და ზამთარში ყინვის დროს უფრო მწვავდება.
კახეთის რეგიონის სოფლებში, წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტების მერიები არიან. ქალაქებში კი ამ მიმართულებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს, რომელიც როგორც წყლის მიწოდებაზე, ასევე მის ხარისხზე არიან პასუხისმგებელი.
როგორც Knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, წყლის პრობლემა, გაუმართავი სისტემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია, თუმცა კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებით გეგმავს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის ხარისხი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება მაღალია. წყლის ხარისხი კი კომპანიის მიერ სისტემატიურად მოწმდება, ხდება დაქლორვა და პრობლემის შემთხვევაში მისი მოგვარება
გარდა კომპანიის და მუნიციპალიტეტების მერიებისა, წყლის ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სააგენტო კვარტალურად და ყოველწლიურად აჯამებს მუშაობის შედეგებს და აქვეყნებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ჩატარდა სასმელი წყლის გამანაწილებელ 65 სისტემაზე კვლევა, საიდანაც 40-ის შემთხვევაში დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური, ორგანოლეპტიკური, ქიმიური და ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველა შემთხვევაში მოხდა აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის სამსახურებამდე მიწვდა და რეკომენდაციების გაცემა.
,,გასულ წელს მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა გურჯაანში, სოფელ ჭანდარის ,,ტელმანის” უბნის ჭაბურღილის წყალი, აღების წერტილი რეზერვუარიდან გამომავალი ონკანი, ააიპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისცენტრს ეკუთვნის, განხორციელდა შემოწმება სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. ორგანოლეპტიკური დარღვევა. ეცნობა ადგილობრივ თვითმმართველობას, გაიცა რეკომენდაციები.
სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა ასევე სოფელ ვაზისუბნის სანაგირეს ასახვევის პირველი უბნის წყალში, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა ასევე სოფელ კაკაბეთში, საჯარო სკოლის წყალი. ასევე წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა სოფელ კაკაბეთის N2 ბაღში.
წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტშიც. მაგალითად: სოფელ წინანდლის N 2 ბ/ბაღში, სოფელ კისისხევის საბავშვო ბაღში. ასევე ფიზიკური პირების ონკანებზე დაფიქსირდა სასმელი წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები. ესენია: სოფელი გულგულა, ვარდისუბანი, იყალთოს ადმინისტრაციის შენობასთან არსებულ წყალზე, სოფელ თეთრწყლების საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ასევე სოფელ წინანდალში, აკურასა და ვანთაში”,- წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
2021 წელს ქიმიური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის გამანაწილებელიქ ქსელიდან აღებული სინჯით, ქალაქ დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქ. N41, წყლის ქიმიური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ბიზნესოპერატორს და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ გამარჯვებაშიც, ფიზიკური პირის ეზოს ონკანიდან აღებულ წყალში. 2021 წელს წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ყველაზე მეტი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში, სოფლებში, ონკანებიდან აღებული 13 სინჯიდან, 10-ის შემთხვევაში წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა. წყალში კოლოფორმები იქნა აღმოჩენილი. აღნიშნულის შესახებ შესაბამის სამსახურებს ეცნობათ და გაიცა რეკომენდაციები. წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დუისსა და ჯოყოლოში.
,,წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა სოფელ მატანი N 4 საბავშვო ბაღის ტერიტორიიდან აღებულ წყლის სინჯში. ასევე სოფელ დუისში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ეზოს ონკანიდან აღებულ სინჯში და სოფელ ჯოყოლოში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ეზოს ონკანიდან აღებულ სინჯში.”
წყლის მიკრობიოლოგიურიდა ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების შემთხვევები დაფიქსირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც.
,,ქალაქ წნორში, რუსთაველის 35-ში აღებულ წყლის სინჯში, რომელზეც პასუხისმგებელი შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა, ქიმიური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა.
მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა სოფელ მაღაროშიც. ასევე სოფელ ილიაწმინდაში შემკრები რეზერვუარიდან გამომავალ წყალში დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური დაბინძურება. მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა სოფელ ბოდბეში.”
მიკრობიოლოგიურად სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ახალსოფელსა და შილდაში, ფიზიკური პირების ეზოს ონკანზე.
რაც შეეხება 2022 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წელსაც მოხდა მონიტორინგი წყლის ხარისხის. ერთი კვარტლის მიხედვით, წყლის მიკრობიოლოგიურად დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა სოფელ აკურაში, ფიზიკური პირის ეზოს ონკანზე, სოფელ წინანდალში ფიზიკური პირის სახლის ონკანზე, სოფელ წინანდლის N1 საბავშვო ბაღის წყალში და სოფელ ვანთის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ წყალში.
2022 წელს სასმელი წყლის ორგანოლეპტიკურად დაბინძურების ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის, საჯარო სკოლის შენობაში არსებულ წყალში.
knews.ge სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის წყლის სისტემის სრული მონიტორინგის შედეგებს უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.