სიღნაღის სოფლებში – ნუკრიანი, ზემო მაღარო და ზემო ბოდბე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნუკრიანი, ზემო მაღარო და ზემო ბოდბე 7 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 30% -ზე მეტი დასრულებულია.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელისა და ჭაბურღილის მოწყობა, ასევე სატუმბო სადგურის და რეზერვუარის რეაბილიტაცია. ადგილზე მოეწყობა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე პროექტის დასრულება დაგეგმილია 2023 წლის პირველ ნახევარში, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები სამი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ეტაპობრივად 2023-2024 წლებისათვის დასრულდება. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 40 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს.
მიმდინარე პროექტები სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც 30 000-მდე ბენეფიციარი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.