თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „თიბისი“-ს ბარათით არის შესაძლებელი
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი.
„თიბისი“-ს ცნობით, მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე აღნიშნული ბანკის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თელავის „თიბისის“ ფილიალებში.
„სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის წამკითხველი „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. მგზავრობის საფასური თელავში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე და თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე: მგზავრობის ღირებულება იქნება 50 თეთრი. იმისათვის რომ მოსწავლემ/სტუდენტმა შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს „თიბისი“ ბანკის სტუდენტის ან მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ. იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე – https://link.tbc.ge/3GKKH8Y „,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოცდა, როგორ მუშაობს გადახდის სისტემა ავტობუსებში. მგზავრობის გადასახადის გადახდა კი სავარაუდოდ თებერვლის ბოლოდან გახდება სავალდებულო. მერიაში განმარტავენ, მგზავრობის გადასახადის ამოქმედება 16 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო, რადგან სამუშაოები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პროგრამული, დროში გაიწელა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი გაჩერებების და საინფორმაციო ელექტრონული დაფების მონტაჟი და კონტროლიორების გადამზადების პროცესი.
,,ამჟამად მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს, ჩვენ წლის განმავლობაში დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ შეგვეძინა გადახდის სისტემები, ვითანამშრომლეთ რამოდენიმე ბანკთან და ბოლოს შეირჩა თიბისი, რომელთან ერთადაც ვახორციელებთ ამ პროექტს. ქალაქში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება მოსაცდელების მოწყობა, მისი ადგილების შერჩევა შესაბამის სამსახურებთან ერთად, მოეწყობა შედარებით თანამედროვე და კეთილმოწყობილი გაჩერებები, სადაც დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები. დაფების რაოდენობა იქნება დახლოებით 10-დან 15 ერთეულამდე. ესენი საკმაოდ ძვირია და სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე ტრანსპორტის ააიპ-ში მოეწყო ე.წ. სადისპეჩერო, სადაც მიმდინარეობს თანამშრომლების გადამზადება და შერჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აღრიცხავს ტრანსპორტის გადაადგილებას, დაგვიანებას, ადრე მისვლას, ნაკადის რეგულირებას. ამავე სამსახურში ხდება ასევე კონტროლიორების შერჩევა. უკვე გამოცხადებული გვაქვს ვაკანსიები. დაახლოებით 8-10 კონტროლიორი იქნება თავდაპირველად შერჩეული, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე 10 ერთეული ავტობუსი გვყავს, შესაბამისად, რამდენიც გვჭირდება თანამშრომელი, იმდენს ავიყვანთ”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილია 18 ახალი გაჩერების და მოსაცდელების მოწყობაც, რომელიც თანამედროვე სტანდარტების იქნება.
,,ცენტრალურ გზებზე მოეწყობა დაახლოებით 18 ახალი გაჩერება და ვფიქრობ, ეს ზოგადად ქალაქისთვის და ამ მიმართულების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქემ იცოდეს სად უნდა გაჩერდეს ავტობუსი, ჰქონდეს საინფორმაციო დაფა და კარგი მოსაცდელი. ამ ყველაფერს ალბათ თებერვლის ბოლომდე დავასრულებთ. ყველაზე დიდი დრო წაიღო პროგრამული უზრუნველყოფის შეთანხმებამ. ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ დაანონსებული გვქონდა რომ 16 იანვრიდან ავტობუსები ფასიანი გახდებოდა, მაგრამ სამუშაო პროცესში, ტექნიკურმა მხარემ, პროგრამულმა უზრუნველყოფამ და სხვა ფაქტორებმა, გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგვიქმნა და ამიტომ ვადას გადავწევთ. ჩვენ არ გვინდა მოსახლეობას შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც ბოლომდე არ იქნება დახვეწილი”,- აცხადებს ლევან ანდრიაშვილი.