2022 წელს საქართველოს საზღვარი 1 459 546-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.
უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.
მხოლოდ დეკემბერში საქართველოში რუსეთის 131 546 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 306%-ით აღემატება.
იანვარი-დეკემბრის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:
იანვარი – რუსეთის 27 292 მოქალაქე;
თებერვალი – 26 702;
მარტი – 45 068;
აპრილი – 48 797;
მაისი – 69 772;
ივნისი – 135 457;
ივლისი – 236 734;
აგვისტო – 260 810;
სექტემბერი – 222 274;
ოქტომბერი – 133 640;
ნოემბერი – 121 454;
დეკემბერი – 131 546.
აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე იყო. დეკემბერში კი ის თურქეთმა ჩაანაცვლა და რუსეთმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. შემდეგ მოდიოდა სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 669 005-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 71% უცხოელი იყო, 29% კი – ქართველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დეკემბერში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი – ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.