ახალი ამბები

2023 წლის ბოლოდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება

2023 წლის ბოლოდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება. კერძოდ, 60-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისთვის ნებართვა დასჭირდებათ.

განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად იქნება საჭირო, რის საფასურადაც 7 ევრო განისაზღვრა. ეს არის სისტემა ETIAS – რაც ევროპაში მოგზაურობისას ინფორმირებასა და ავტორიზაციის გავლას გულისხმობს. მოთხოვნას ევროპის ქვეყნები იმ სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის აწესებენ, რომლებსაც შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა არ აქვთ.

ეს წესი ევროპის 30 ქვეყანას შეეხება. მათ შორის იტალიას, ავსტრიას, ბელგიას, ნორვეგიას, საბერძნეთს, გერმანიას. მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. სისტემა ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს, ამიტომ ევროპა უფრო მშვიდად იქნება, რადგან ეცოდინება ვინ კვეთს მათ საზღვარს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ნებართვა სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს, შესაბამისად, იმ სააპლიკაციო ფორმას, რომელსაც მოქალაქეები შეავსებენ, სამწლიანი ვადა ექნება.

განაცხადის ფორმის შევსება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. მას 18 წელს ზევით მყოფი მოქალაქეები ავსებენ და დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. შევსებული განაცხადი ელექტრონულად ინახება მონაცემთა ბაზაში, ამიტომ მისი ამობეჭდვა საჭირო არ არის, ხოლო სამოგზაურო დასტური მალევე, ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება.