საქართველოში შინაური ცხოველებისთვის პირადი AI ასისტენტი შეიქმნა
Wiggly – ასე ჰქვია ახალ ქართულ სტარტაპს, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შინაური ცხოველებისთვის პირადი ასისტენტი, იგივე ბოტი, შექმნა.
როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი თორნიკე ჩუნთიშვილი აღნიშნავს, Wiggly-ს ამ ეტაპზე ორი სახის სერვისი აქვს, ვეტერინარია და ზოგადი მოვლა.
„ჩვენი AI ასისტენტი რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა, სერვისი Facebook-ზეა ჩართული, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს, რის შემდეგაც ასისტენტი მას კატეგორიებს სთავაზობს, ამ ეტაპზე გვაქვს ვეტერინარია და ზოგადი მოვლა. ასისტენტი ეკითხება ცხოველის ჯიშს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ამის მიხედვით კი მის ყველა კითხვას პასუხს სცემს. მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ Wiggly-ის შეუძლია კონკრეტული, მორგებული პასუხები გასცეს მომხმარებელს და არა ზოგადი რჩევები.“ – განაცხადა თორნიკე ჩუნთიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სტარტაპის შექმნის პროცესში რვა ადამიანი იყო ჩართული, ამჟამად კი ორი დამფუძნებელი და მარკეტინგის ორი სპეციალისტი მუშაობს. რაც შეეხება ინვესტიციებს, თორნიკე ჩუნთიშვილი ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა გვეუბნება, რომ ამ ეტაპამდე პირადი ინვესტირებით მოვიდნენ, საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად კი ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე მუშაობას მარტიდან დაიწყებენ.
შეგახსენებთ, ასისტენტის მომსახურების გამოყენება ამ ეტაპზე უფასოა, თუმცა აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, გარკვეულ გადასახადთან იქნება დაკავშირებული.