თელავში მცხოვრები ახალგაზრდა მომხმარებლებს ფერად ხინკლებს სთავაზობს
თელავში მცხოვრებმა 27 წლის ია ლაგაზაშვილმა საზოგადოებას განსხვავებული პროდუქტი შესთავაზა. მან ფერადი ხინკლების და პელმენების დამზადება დაიწყო და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
ის პროფესიით მედდაა. მიუხედავად იმისა, რომ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მედდად მუშაობს და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, საყვარელი საქმის გაკეთებას მაინც ახერხებს.
,,წარმოშობით ვარ დუშეთის რაიონიდან. ოჯახი შევქმენი 20 წლის ასაკში და წლებია ქალაქ თელავში ვცხოვრობ. მყავს 5 და 6 წლის შვილები. პროფესით ვარ მედდა. დაოჯახების შემდეგ ვმუშაობდი თელავის ევექსის კლინიკაში. პანდემიის დროს რომ დაიხურა საბავშო ბაღები, ამის გამო მომიწია სამსახურიდან წამოსვლა, რადგან ბავშვების დამტოვებელი არავინ მყავდა. სახლში ყოფნის დროს ვფიქრობდი თუ რისი გაკეთება შემეძლო სახლიდან გაუსვლელად, რომ ჩემს მეუღლეს რამენაირად დავხმარებოდი ოჯახის რჩენაში. ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ის საქმიანობა, რაც მართლაც კარგად გამომდის. სახლში სათანადო ფართის მოსაწყობად დამჭირდა 3 წელი. მოგეხსენებათ, როდესაც კვებას ეხება საქმე, ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინო. როდესაც მზად მქონდა უკვე ფართი, დავიწყე იმაზე ზრუნვა, რომ მოსახლეობისთვის მიმეწვდინა ეკოლოგიურად სუფთა და სანდო პროდუქტი. ამ ყველაფერს ვამზადებ მარტო, 5 საათამდე სამსახურში ვარ, რომ ვბრუნდები ვაკეთებ ოჯახის საქმეებს და ბავშვებს რომ დავაძინებ, შემდეგ ვიწყებ მუშაობას. პარალელურად, თელავის რეფერალურ ფოსპიტალში, საოპერაციო მედდად ვმუშაობ”,- განუცხადა knews.ge-ს ია ლაგაზაშვილმა.
ახალგაზრდამ შეკვეთების მიღება საახალწლოდ, 27 დეკემბრიდან დაიწყო და მომხმარებლებს ბუნებრივი საღებავების დახმარებით დამზადებული ხინკალი შესთავაზა. ია ამბობს, რომ შეკვეთებს ინტერნეტის საშუალებით და ადგილზე იღებს.
,,თავდაპირველად დავიწყე სოკოს, ტარხუნის, ისპანახის, სტაფილოს, სულგუნის, ნადუღის, ხორცის ბლინჩიკების და ტოლმის მომზადება. ახალი წლის შემდეგ ჩემს მენიუს დავამატე ხორცის, სულგუნის, ნადუღის, კარტოფილის, სოკოს ხინკალი, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს ერთგულ მომხმარებლებში. რაც შეხება ფერად ხინკლებს, ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. არ ველოდი თუ მივიღებდი ასეთ ფერებს. მოგეხსენებათ, დედების უმრავლესობასას ბავშვის უჭმელობის პრობლემა აქვს და მეც მათ კატეგორიას მივეკუთნები, რადგანაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი მყავს.
გადავწყვიტე ხინკალი გამეკეთებინა სხვადასხვა ფერებით, რათა მათი ყურადღება საკვებისკენ მიმექცია. ვფიქრობდი თუ რითი უნდა მიმეღო ისეთი ფერები, რომ არ გამომეყენებინა ქიმიური ფხვნილები და ჟანსაღი საკვები მიმეწოდებინა ბავშვებისთვის. მოკლედ წავედი ბაზარში და შევიძინე ბოსტნეული. ბოსტნეულისგან გამოწურულ წვენში მოვზილე ცომი და მივიღე სხვადასხვა ფერები. ფერადი ხინკალი ბავშვებისთვის ორმაგად სასარგებლოა, რადგან ისინი ბოსტნეულის სახითაც იღებენ ვიტამინებს. ცოტა შრომატევადი კი არის მაგრამ სტაფილო, ჭარხალი და ისპანახი საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს”,– აცხადებს ია.
ია ამბობს, რომ პროდუქტის დამზადებისას, სისუფთავეს და ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან დამზადებული საკვების ძირითადი მომხმარებელი ბავშვები არიან.
,,პროდუქტს ვყიდულობ ადგილობრივ ბაზარში და ხორცის ნაწარმსაც ახალი, გაუყინავი ხორცით ვამზადებ. ჩემი პროდუქტი იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ მათ 100% ჰიგიენური ნორმების დაცვით და ხარისხიანი პროდუქტით ვამზადებ, ასევე, ვყიდულობ კარგს ბოსტნეულს, რომ ჩემი ნახევარფაბრიკატები გემრიელი გამოვიდეს. მომზადებისას თითოეული მომხმარებლის გემოვნებასაც ვითვალისწინებ. დიდი სიამოვნებით მივიღებ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, რომ გავაძლიერო ჩემი მცირე ბიზნეს საქმიანობა. სამომავლოდ ვფიქრობ, გავხსნა პატარა კაფე, სადაც ადგილზე მოსული მომხმარებლისთვის ჩემი პროდუქტის შეთავაზებასაც შევძლებ. სახელიც კი მაქვს უკვე შერჩეული თუ რას დავარმევ. ამჟამად მიტანის სერვისი არ მაქვს, მაგრამ ახლო მომავალში ვფიქრობ, დავამატო”.