ახალი ამბები

საგარეჯოში დაჭრილი 21 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა.

ინფორმაცია მედიას საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა მამუკა ოტიაშვილმა მიაწოდა.

“21 წლის პაციენტს, რომელიც კრიტიკულად მძიმეა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუსა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში – დაზიანებულია არტერია და ვენა, რომელიც აღვადგინეთ. ამ ეტაპზე განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, – თქვა კლინიკის დირექტორმა.

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 6 ადამიანი შეიყვანეს. მათგან ერთი, პოლიციელი, გარდაცვლილი იყო, მსუბუქად დაშავებული ერთი პაციენტი სპეციფიკური დაზიანების გამო თბილისში გადაიყვანეს, სამი ადამიანის დაზიანებები კი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.
წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, “ჯეო ჰოსპიტალთან”, სროლის ხმა ისმოდა.

სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას. გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა. მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.