ახალი ამბები

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, შესაძლოა, გაორმაგებული საჯარიმო სანქციები დაეკისროთ

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, შესაძლოა, კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, გაორმაგებული საჯარიმო სანქციები დაეკისროთ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა.

„არსებული ჯარიმების ციფრი გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიათა კომპანიებს სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაეკისრებათ, ვიდრე აქამდე არსებობდა. თქვენ იცით, რომ მაქსიმალური თანხა 75 ათასი ლარია და შესაბამისად, ის უფრო სოლიდური გახდება,“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

მან 2022 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, აბონენტების მიმართ ელექტროენერგიის გადასახადზე დაკისრებული გაორმაგებული თანხების საკითხი სრულად ამოწურულია.

„2022 წელს ყველაზე აქტუალური თემა იყო „თელმიკოს“ და „თელასის“ ამბავი, რა დროსაც მომხმარებლების უფლებები მასობრივად დაირღვა, როდესაც მათ იმ რაოდენობის გადასახადი მიიღეს, რომელსაც არ მოელოდნენ და აბსოლუტურად დადასტურდა, რომ ეს იყო არასწორი აღრიცხვიანობის ბრალი, მათი მხრიდან არასრული მენეჯმენტის ბრალი და ამის გამო, მათ უკიდურესად სწრაფ დროში პრობლემის გამოსწორება დაევალათ და ასევე, ფინანსური სანქცია დაეკისრათ, რომელიც მათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადეს. ეს პრობლემა სისტემური გახლდათ და მთლიანად აღმოიფხვრა. დღეისათვის ასეთი სახის პრობლემა აბონენტებს არ გააჩნიათ“, – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.