ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური. სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის.

სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.

სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.

ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად წარადგინა.

2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ამას წინ უძღოდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ახმედ ჩატაევმა კი თვითლიკვიდაცია მოახდინა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად კლინიკაში გარდაიცვალა.

სუს-ის მტკიცებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან. უწყება ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რის გამოც სპეცრაზმელმა “პროპორციული ძალა” გამოიყენა და მას ესროლა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას უარყოფდა და აცხადებდა, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო და მას მძინარეს ესროლეს. ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა, რის გამოც მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რამდენიმე თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს მართავდა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან კავშირში, სუს-ის თანამშრომლის მიერ, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, თუმცა 2020 წლის 28 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და განაცხადა, რომ “თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, რის გამოც, სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა”.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სიცოცხლის ხელყოფისა და “აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე” განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალები შეისწავლა. მასალებიდან ირკვეოდა, რომ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არსებობდა სერიოზული კითხვები. EMC-ს შეფასებით, გამოძიების ცალკეული გარემოებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ბოლო წლებში უფლების დარღვევის ყველაზე მძიმე შემთხვევაა და სუს-ის მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს უფლების დარღვევის აშკარა ნიშნებს ატარებს.