თელავში 2 საცხოვრებელი კორპუსი შენდება
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით თელავში ორ – 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც საქართველოს ბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, – განაცხადა სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ.