ახალი ამბები

სიმღერით ვკვებავ ჩემს სულიერ სამყაროს – თელაველი ემიგრანტის წარმატების ისტორია

იტალიაში, პულიის რეგიონში, ლუიჯი კაპოპორტის სახელობის გუნდში 13 წელია მღერის. მანამდე, 27 წლის მანძილზე, თელავში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. უსმენდა კლასიკას, ამეცადინებდა მოსწავლეებს და მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოედინა რომ სხვა ქვეყნის სცენაზე ოდესმე იმღერებდა.

ნანა ძამუკაშვილი 15 წელია იტალიაში, ქალაქ ბარი მოლფეტაში ცხოვრობს. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, საყვარელი საქმის კეთებისთვის დრო გამონახა და სამუშაო გრაფიკსაც მოარგო. კვირაში ორი დღე გუნდთან ერთად გადის რეპეტიციებს ყოველი შემდეგი კონცერტისთვის. მასთან Knews.ge-მ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

ქალბატონო ნანა, როდის წახვედით იტალიაში?

– თელავში, #1 სამუსიკო სკოლაში, რომელიც 2008 წელს დავტოვე, 27 წელი მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. მცირე ხელფასები გვქონდა იმ პერიოდში და ჭირდა ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. იტალიაში 15 წლის ჩამოვედი. ძალიან მეშინოდა წამოსვლის და ამ ნაბიჯის გადადგმის. ბევრი ჩვენი თანამემამულე იყო უკვე წამოსული და გავრისკე. ძალიან მიჭირდა, მაგრამ შევეჩვიე.  ენა არ ვიცოდი, ბევრს ვმეცადინეობდი და მალევე შევისწავლე, მიუღწეველი არაფერია. წიგნიდან ნასწავლი ენა სულ სხვაა, თუ არ იკონტაქტე, რთულია. ეხლა უკვე მე ვთარჯიმნობ სხვებს. ჩამოვედი და მალევე დავიწყე მუშაობა.

როგორია თქვენი ,,კაპოპორტიში“ მოხვედრის ისტორია?

რომ ჩამოვედი, მალევე ვნახე განცხადება რომ ერთ-–ერთ გუნდში ხმები სჭირდებოდათ. ვის ოჯახშიც ვმუშაობდი, ის გამომყვა გასაუბრებაზე. ზაფხულში გამესაუბრნენ და იმედი აღარ მქონდა, მაგრამ შემოდგომით დარეკეს. გუნდი ,,კაპოტორტი“ იწყებს რეპეტიციებს და მოდიო, მითხრეს. იმ დღიდან დაიწყო ჩემი მოგზაურობა ამ გუნდში.

როგორც ვიცი, ერთადერთი უცხოელი ხართ გუნდში?

კი, გუნდში სადაც ვმღერი, ერთადერთი უცხოელი ვარ, ქართველი. ჩვენმა გუნდის ხელმძღვანელმა ქალმა სოლო პარტიაც მომცა, ვიყავი სოლისტი. წარმადგენდნენ ხოლმე, რომ საქართველოდან ჩვენი სტუმარიო და მიხაროდა ძალიან.

რა ჟანრს მღერით?

რასაც ჩვენ ფირფიტებზე ვუსმენდით საქართველოში, როდესაც ვსწავლობდით საზღვარეგარეთის მუსიკას, დღეს იმას ვმღერი აქ. 26 წელია ეს გუნდი არსებობს, ,,კაპოპორტი“  . გუნდი მღერის მსოფლიო მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს  – კლასიკას, ლირიკას, თანამედროვეს – ჯუზეპე ვერდი, ჰენდელი, ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენის პარალელურად თანამედროვეს – მორიკონე.  ბეთხოვენის მეცხრე სიმფონიაც შევასრულეთ. ქალაქ ბარში ვმართავთ კონცერტებს. შობას ვმღერით ესპანურად, გერმანულად, იტალიურად. ვმღერით გოსპელს. გუნდმა, პულიის რეგიონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ვიმღერეთ, ჩემი თავი ვენეციის თეატრ ,,La Fenice- ში“ მეგონა, რადგან საახალწლო კონცერტები ყოველ წელს გადმოიცემა ტელევიზიით ამ თეატრიდან.

რეპეტიციები ყოველდღე გაქვთ?

რეპეტიციები მაქვს კვირაში 2 დღე, საღამოს 8 საათზე. იმ შემთხვევაში თუ კონცერტი უკვე მოახლოებულია, კვირაში ხან 3 დღესაც ვმეცადინეობთ. რასაც აუცილებლად ვმართავთ, ესაა საშობაო, სააღდგომო კონცერტები. კიდევ, თუ რაიმე საიუბილეო თარიღი მოდის, მაგალითად ვერდის, მოცარტის და სხვა.  გვაქვს წლიური პროგრამა სადაც კონცერტები იგეგმება. გარდა ამისა, გვაქვს მოწვევებიც. შერეული გუნდია, 50 ადამიანი მაინც ვიქნებით. მე ვარ მარტო უცხოელი – ქართველი. ვგრძნობ რომ მაფასებენ და პატივს მცემენ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პანდემიის პერიოდში როგორ ატარებდით რეპეტიციებს?

– პანდემიის პერიოდში ონლაინ გვქონდა რეპეტიციები, მაგრამ არ ღირდა, რადგან კონცერტები აღარ ტარდებოდა, თავშეყრა აღარ იყო. შემდეგ ნელ–ნელა ისევ დავიწყეთ კონცერტების ჩატარება და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

აცნობთ კახეთის რეგიონს იტალიელებს?

კი, სულ ვაჩვენებ, რომ ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ჩვენი კულტურა, ტრადიციები. ასევე, სულ ვლაპარაკობ, რომ ორჯერ გადავიტანეთ ომი. გავაცანი ყველას კახეთი, თელავი, ჩვენი ტრადიციები. ყველაფერი იციან. ჩურჩხელებიც დავაგემოვნებინე, ქართულ კერძებსაც ვასინჯებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ სიმღერა. ამითი ვკვებავ ჩემ სულიერ სამყაროს, რომელიც მაძლევს წინსვლის ძალას და მალახვინებს ყველა იმ სიძნელეს, რაც ჩემს იტალიური ცხოვრების რეალობას შეეხება.