ახალი ამბები

გახშირებული ფემიციდის ფაქტები – რა უნდა გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად

საქართველოში და მათ შორის კახეთის რეგიონში, ბოლო პერიოდში ოჯახში და ქალზე ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთადერთ გამოსავლად შესაბამისი სამსახურების დროულ და ეფექტურ მუშაობას ხედავენ.

მიუხედავად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ დაწესებულებების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის პროექტებისა და აქტივობებისა, რეგიონში ფემიციდის და ოჯახში ძალადობის რიცხვები არ მცირდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად 479 გოგონა დარეგისტირირდა . სპეციალისტების თქმით,  ამ კუთხით კახეთშიც არის გამოწვევები. 2021 წელს ეს ციფრი იყო 476, 2022 წლის 6 თვის მონაცემებით კი 189 შემთხვევა დაფიქსირდა.

შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, 6 520 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. აქედან გამოძიება 3 064 ფაქტზე დაიწყო.

კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეთერ შიუკაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მნიშვნელოვანია რისკების სწორად შეფასება და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, რათათავიდან იქნეს აცილებული მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები.

,,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებას , იმიტომ, რომ ძალადობის ფაქტის დადგომის შემდგომ უკვე რთულია რეაგირების განხორციელება. ჩემი აზრით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ეფექტის მომტანია. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, თუნდაც ცნობიერების ამაღლების გაზრდის კუთხით. ვმუშაობთ საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებზე. მნიშვნელოვანია,  ასევე, გახმაურებულ ძალადობის შემთხვევებზე  განცხადებების გაკეთება. გარდა ამისა, ვახდენთ სხვადასხვა დაწესებულებების მონიტორინგს, მაგალითად ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების, შშმ პირთა დაწესებულებების მონიტორინგი და სხვა.

საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, ქალის და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა უწყებების მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კახეთი ძალადობის შემთხვევებით ლიდერი რეგიონია, თუმცა ეს შეიძლება განპირობებული იყოს ძალადობის გამოვლენის მაჩვენებლით.

ოჯახში ძალადობის ფაქტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რისკების სწორი შეფასება, რომ სწორად დაიგეგმოს გასატარებელი ღონისძიებები საქმესთან დაკავშირებით. ასევე არსებობს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმიც ოჯახში ძალადობის დროს. ამ მიმართულებითაც გვაქვს გამოწვევები, რადგან კახეთის რეგიონში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი არ გვაქვს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცნობიერების ნაკლებობით, რადგან თავად პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მსხვერპლს ისე, რომ მას ამის გამოყენების სურვილი გაუჩნდეს.  გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი 2015 წლიდან. ფაქტები რომელიც ეხება ყველაზე მძიმე საკითხს, ქალთა მკვლელობებს, წლიდან წლამდე კლების ტენდენციით არ ხასიათდება”,- განუცხადა Knews.ge-ს ეთერ შიუკაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატის 2022 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ქალთა მკვლელობების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 11 შემთხვევაში გამოვლინდა. ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი. ასევე მკვლელობის მცდელობის 32 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, 26 შემთხვევაში ოჯახში ძალადობის ნიშნები იქნა გამოკვეთილი.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის ინფორმირებისთვის სხვადასხვა სახის შეხვედრებს, აქტივობებს და კამპანიებს ახორციელებს.

,,სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას უწევს ქვეყანაში ადამიანის უფლებების  დაცვას,  მონიტორინგს ახორციელებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა უწყებების მხრიდან სწორად განხორციელდეს მათთვის დაკისრებული ვალდებულებები. ასევე, აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 14 81, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია და მსხვერპლებს და ასევე სხვა პირებსაც შეუძლიათ, რომ დაგვიკავშირდნენ ქალთა მიმართ თუ ოჯახში ძალადობის შესახებ. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ კონფიდენციალურად. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე იწყებს საქმის წარმოებას, მიმართავს უწყებებს კორესპონდენციებით, გამოითხოვს დეტალურ ინფორმაციას ყველა მხარისგან და შემდგომ აფასებს რამდენად მოხდა ადამიანის უფლებების დარღევა და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული საზოგადოება მეტად იქნება დაცული და მოძალადეებიც იქნებიან ინფორმირებული დასჯის მექანიზმის შესახებ. ისინი ნაკლებად ჩაიდენენ დანაშაულს და პრევენციული ხასიათი მიეცემა. მნიშვნელოვანია უწყებების კოორდინირებული მუშაობა, მაგალითად საგანამანათლებლო დაწესებულებების. ამ პროცესში სკოლის როლი დიდია. ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტი. როცა ქალი ეკონომიკურად ძლიერი იქნება, ის ძალადობას აღარ აიტანს. სწორედ შემოსავლის არქონის გამო უწევთ ქალებს ძალადობის დათმენა. ჩემი აზრით, საზოგადოება უნდა იყოს მხარდამჭერი და სერვისები უნდა არსებობდეს ამ კუთხით”.

სხვა ორგანიზაციების მსგავსად, კახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო”. ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს და სხვა მოქალაქეებს, უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი ჯუმბერ მაილაშვილი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დაწყებული განცხადების დაწერიდან დასრულებული განაჩენის გამოტანამდე, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ნებისმიერ პირს.

სხვა სპეციალისტების მსგავსად, ჯუმბერ მაილაშვილიც განმარტავს, რომ იმისთვის, რომ ძალადობის, ფემიციდის ფაქტები აღმოიფხვრას, აუცილებელია განათლება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ეფექტური მუშაობა.

,,საზოგადოებამ და პირველ რიგში ქალბატონებმა უნდა მიიღონ ინფორმაციაა, იმ უფლებების შესახებ, რაც აქვთ. ზოგმა ეს არ იცის. ცოდნა კი იმისთვის სჭირდებათ, რომ დაიცვან თავიაანთი უფლებები. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დანაშაულის მიზეზებს_, რა არის ამისი გამომწვევი მიზეზები. რაც შეეხება პრევენციას, შემაკავებელი ორდერი, რა თქმა უნდა,  ეფექტიანია და ეს შედეგს მაშინ გვაძლევს, როცა სამართალდამცავი სტრუქტურა კონტროლს ახორციელებს. გარდა ამისა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ელექტროსამაჯურის გამოყენებაც. ამ დროს მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება აღარ შეეძლება და სამართალდამცავი ორგანოიების მიერ ყველაფერი უკეთ გაკონტროლდება. ასევე მნიშვნელოვანია მსხვერპლის იზოლირება სხვადასხვა დაწესებულებებში. ამასთანავე, აუციელებელია სოციალური დაცვა, ხშირად ქალბატონები მოძალადეებს რიგდებიან იმიტომ, რომ მათ შემოსავალი არ აქვთ.

ასევე აუცილებელია რისკების სწორად შეფასება. მხოლოდ გირაოს გამოყენება და მერე კონტროლის არქონა არ იქნება საკმარისი. როდესაც ადამიანი გირაოთია გამოშვებული, საგამოძიებო ორგანოს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის ვალდებულება. ელექტროსამაჯური ერთ-ერთი ფაქტორია, რომ არ მიუახლოვდეს მსხვერპლს. მას შემდეგ როცა მსხვერპლს მიუახლოვდება, პოლიცია დააკავებს და გადაიყვანს საპატიმრო დაწესებულებაში მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას.”  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად და მექანიზმმა ეფექტურად იმუშაოს.

 „პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა, რიგ შემთხვევებში, საკმარისი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. გარდა ამისა, ჩვენს უწყებაში უწყვეტად მიმდინარეობს თანამშრომლების გადამზადება იმისათვის, რომ, არც ერთი შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დარჩეს და, ძალადობის თითოეულ ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება., მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად მაქსიმალური მობილიზებისა, სამწუხაროდ ხდება მძიმე ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.