ახალი ამბები

ავარიაში გარდაცვლილი შოთა ბოჭორიძის მეგობრებმა მისი სახელობის ფონდი შექმნეს

თელავში, ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის, შოთა ბოჭორიძის მეგობრებმა, ნინი ჯანაშვილმა და ქრისტინე ხაბეიშვილმა, სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად მისი სახელობის ფონდი შექმნეს.

ახალგაზრდას მეგობრების თქმით, შოთა 27 დეკემბერს თელავში, ავტოავარიას მეგობართან ერთად ემსხვერპლა. ის 8 იანვარს 25 წლის გახდებოდა. მათივე თქმით, ფონდის მიზანია შოთას სახელის არდავიწყება და იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ამისი საჭიროება აქვთ.

,,ფონდის შექმნის ინიციატორი ვართ ორი ადამიანი, მე ნინი ჯანაშვილი და ქრისტინე ხაბეიშვილი. ასევე გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სურთ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ ამბავში და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფონდის შექმნის იდეა გაჩნდა მისი გარდაცვალებიდან მალევე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მე და ქრისტინე ხაბეიშვილს აქამდეც გვქონდა ფონდი, კონკრეტულად ,,მადლის ყულაბა” 2020 წლიდან, რომელიც გარკვეული სერიოზული მიზეზების გამო შეჩერდა. 2023 წლის 8 იანვარს, შოთოს დაბადების დღეს აღვადგინეთ გვერდი და დავიწყეთ პატარ-პატარა მოქმედებები. ველოდებით ოფიციალურ ანგარიშს, რომ უფრო მეტი რამ შევძლოთ და მისი სახელი ვუკვდავყოთ სამომავლოდ. მოგეხსენებათ თითოეული ფონდის მიზანი, დახმარებაა, ეს იქნება შეჭირვებული ოჯახებისა თუ დაავადებული ადამიანების. ჩვენი მიზანიც ეს არის.

იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა და პატარ-პატარა ნაბიჯებით უდიდეს კვალს დავტოვებთ და მეტიც დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მალე სრულიად საქართველო ძალიან ბევრს ილაპარაკებს შოთაზე და მისი სახელობის ფონდზე”,– განუცხადა knews.ge-ს შოთა ბოჭორიძის მეგობარმა ნინი ჯანაშვილმა.