ერთჯერადი ფინანსური დახმარება უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის
საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის.
470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული და სამხარეო ოფისები: https://uni.cf/3IMSA0h
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოში 180,000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე შემოვიდა, ნოემბრის მონაცემებით, მათგან დაახლოებით 25,000 ახლაც საქართველოშია.
გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად არის ჩართული უკრაინის ომის შედეგად შექმნილ კრიზისზე რეაგირებაში. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეძლონ თანმხლები პირის გარეშე უკრაინიდან შემოსული არასრულწლოვნების იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე რეაგირება. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა შეიქმნას პირობები სკოლამდელი ასაკის უკრაინელი ბავშვების საბავშვო ბაღებში მისაღებად.
საქართველოს მთავრობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ცდილობს მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინულ ოჯახებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. საქართველოში მყოფი უკრაინული ოჯახებისთვის ხელმისაწვდომია ყველა სოციალური მომსახურება, რომელსაც ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.