გაიცანით ახალგაზრდა ქველმოქმედი ლაგოდეხიდან, რომელსაც ,,სიკეთის გოგონა” შეარქვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, მრავალშვილიანი დედა ანა გელაშვილი, წლებია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხმარება.
ის საზოგადოების დახმარებით საკვებს, თანხას, ტანსაცმელს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებს და ოჯახებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, საკუთარი მანქანით აწვდის.
ლაგოდეხში ანა გელაშვილს ყველა ,ცნობს, ცნობენ მის მანქანას, რომელიც ყვავილებით არის გაფორმებული. მის დანახვაზე სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა უკვე იციან, რომ მათ დასახმარებლად არის მისული. ადგილობრივები კი, რომლებსაც გაჭირვებულების დახმარების სურვილი აქვთ, წინასწარ შეგროვილი საკვებიით და ნივთებით ხვდებიან. მას ლაგოდეხში ,,სიკეთის გოგონას” ეძახიან.
32 წლის ანა 3 შვილის დედაა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის სხვადასხვა აქტივობები დაგეგმოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად.
,,ვარ 32 წლის 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, ფარმაციის ფაკულტეტი. დღეისთვის ოჯახის საქმეებით ვარ დაკავებული, ასევე ქველმოქმედებაში ჩართული.
რამდენიმე წლის წინ დამიკავშირდა ნაცნობი, რომელმაც მთხოვა შეჭირვებული ბავშვებისთვის სათამაშოები მოგვეგროვებინა და გადაგვეცა. ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი.
პანდემიის დროს რთული იყო დახმარების გაწევა ოჯახებისთვის. როდესაც ტრანსპორტი აკრძალული იყო, მიწევდა სათნოების სახლიდან 4 მოხუცისთვის საკვების წაღება და ძალიან მაბედნიერებდა ეს ამბავი. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, რომ შემეძლო მეტი გამეკეთებინა ჩემს მეგობრებთან ერთად ამ მიმართულებით.
წლებია მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველანაირი რესურსით ვცდილობთ სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებას. თუმცა არის მომენტები, როდესაც ვერ ვწვდებით ხალხის საჭიროებებს, იმდენად ბევრია სოციალურად დაუცველი. სწორედ ამიტომ ხშირად სოციალურ ქსელში ვითხოვ დახმარებას და გაერთიანებას. მიხარია, რომ ადამიანები იჩენენ გულისხმიერებას, რადგან ყველას ეს არ შეუძლია, თუმცა ჩემი აზრით, საზოგადოება მიეჩვია ადამიანების დახმარებას და გვერდში დგომას”,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ანა გელაშვილი.
ანა ამბობს, რომ საზოგადოების დახმარებით და საკუთარი ფინანსებით, წლების მანძილზე მან 1500-მდე ოჯახის დახმარება შეძლო.
,,პანდემიის პერიოდში დამიკავშირდა მეგობარი, რომელმაც შემომთავაზა ერთად გაგვეკეთებინა აქტივობები სოციალურად დაუცველების დასახმარებლად. პანდემიიდან დღემდე 1500-მდე ოჯახი გვყავს გახარებული. ასევე ერთ ოჯახს სახლი ავუშენეთ”,– აცხადებს ანა.
ანა ასევე განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
,,ბოლო პერიოდში, იმ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა, რომლებიც მზად არიან შეჭირვებულ ოჯახებს გაუწოდონ დახმარების ხელი. ბოლო აქცია გვქონდა 6 იანვარს, ვყიდდით ხელნაკეთ ნივთებს და შემოსული თანხით შევიძინეთ პროდუქტები, რომელიც გადავეცით გაჭირვებულ ოჯახებს. გარდა ამისა, ასევე ვაგროვებთ კარდაკარ ტანსაცმელს და ვაკეთებთ აქციებს. რაც მეტი ადამიანი ერთიანდება, მით მეტად კარგი გამოდის აქტივობაც და საქმეც.”