ახალი ამბები

Covid-ის ყველაზე გადამდები ვარიანტი „კრაკენი“ უკვე 28 ქვეყანაში გამოვლინდა

Covid-ის ყველაზე გადამდები ვარიანტი „კრაკენი“ უკვე 28 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და სინგაპურში გამოვლინდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Covid-ის ახალი XBB.1.5 ვარიანტი პირველად შარშან აღმოაჩინეს და ის მალევე იქცა დომინანტ შტამად აშშ-ში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Covid-ის ახალი შტამი „კრაკენი“ სწრაფად ვრცელდება და უკვე მსოფლიოს სულ მცირე 28 ქვეყანაშია გამოვლენილი. Covid-ის ახალი ვარიანტი XBB.1.5 ომიკრონ XBB ქვევარიანტის შთამომავალია და ორი ადრინდელი შტამის BA.2.75-ის და BA.2.10.1-ის მუტაციით შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ახალი შტამი აშშ-ში Covid-ის ყველა შემთხვევის მხოლოდ 1%-ს შეადგენდა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს „კრაკენმა“ აქტიურად დაიწყო გავრცელება და Covid-ის ამ ახალი ვარიანტით ინფიცირებულთა მაჩვენებლი 41%-მდე, ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში კი 70%-მდე გაიზარდა.

4 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმოს Covid-19-ის ტექნიკურმა ლიდერმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ XBB.1.5 კოვიდის ყველაზე გადამდები ქვევარიანტია, რომელიც აქამდე აღმოჩენილა. ამავდროულად, ჯანმო ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ქვევარიანტი უფრო სერიოზულად ან საზიანოდ ჩაითვალოს, ვიდრე ჩვეულებრივი ომიკრონი. კოვიდის წინა ვარიანტებთან შედარებით, ახალი შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. მას იმუნიტეტისგან ე.წ. „დასხლტომის“ უნარი აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივად ან ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის შემთხვევაშიც კი დიდი შანსია, რომ ადამიანი Covid-ის ახალი შტამით ხელახლა დაინფიცირდეს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ჯერ-ჯერობით არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები XBB.1.5-ის სიმძიმისა და სიკვდილიანობის შესახებ. ჟურნალ Cell-ში მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ XBB შტამი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მასზე ვაქცინები არ „მუშაობს“, სწრაფი გავრცელების უნარი კი იმას ნიშნავს, რომ „კრაკენით“ შესაძლოა ბევრი ადამიანი დაინფიცირდეს
რაც შეეხება ჩინეთს, XBB.1.5-ის შიდა შემთხვევების შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. შანხაიში გამოვლენილი სამი „კრაკენის“ შემთხვევა, მათი თქმით, სხვა ქვეყნებიდან იყო იმპორტირებული.