საჯარო შესყიდვების სპეციალისტებს სერტიფიცირების ვალდებულება გაუჩნდებათ
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი, თანმდევ პროექტებთან ერთად.
მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტით ხდება სრულიად ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც განსხვავებულად მოაწესრიგებს საჯარო შესყიდვების პროცედურებს.
მისი თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო შესყიდვების სპეციალისტებისთვის სერტიფიცირების ვალდებულების შემოღება. კანონი, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ 2025 წლიდან, როდესაც კანონი ამოქმედდება, შესაბამის სპეციალისტებს მიეცემათ ორწლიანი პერიოდი იმისათვის, რომ მათ პრაქტიკაში, კანონის იმპლემენტაციის პერიოდში, ცოდნა შეიძინონ. 2027 წლიდან კი, უკვე აუცილებელი გახდება ყველა შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის სპეციალისტების დასაქმება, რომლებიც აღნიშნულ სერთიფიკატებს ფლობენ.
გარდამავალი პერიოდი იქნება 2027 წლიდან 2029 წლამდე, 2029 წლიდან კი, მხოლოდ სერტიფიცირებული სპეციალისტები განახორციელებენ შესყიდვის პროცედურებს. ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა, ასევე, შესყიდვების კომიტეტთან დაკავშირებული საკითხი.
„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმის მუხედავად, თუ რა ტიპის და რა ოდენობის შესყიდვა ხორციელდება, აუცილებელია ე.წ სატენდერო კომისიის შექმნა, რომლის ანალოგი ახალი კანონპროექტით არის შესყიდვების კომიტეტი. იქედან გამომდინარე, რომ დაბალი ტიპის და დაბალი მოცულობის შესყიდვის შემთხვევაში ამ სატენდერო კომისიის მიერ ჩატარებული პროცედურები საქმეს დროში აფერხებს და გარკვეულწილად, უფრო ხშირად ნაკლები მონეტარული ეფექტის მომტანია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქონლის და მომსახურების ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტს შექმნის შესყიდვების კომიტეტს, თუ უშუალოდ შესყიდვების სტრუქტურული ერთეული განახორციელებს ამ პროცედურებს“, – აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.