ახალი ამბები

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემია 2022 -კახეთის რეგიონში მარეხ მგალობლიშვილს გადაეცა

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის 2022 წლის პრემია, ქალთა უფლებადამცველ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელს, მარეხ მგალობლიშვილს გადაეცა.

ღონისძიების ორგანიზატორი, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად დაასახელეს, როგორც რეგიონში ქალთა უფლებადამცველი ქალი.

პრემია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა 2021 წელს დააფუძნა და მისი მიზანია რეგიონში მომუშავე ქალთა უფლებადამცველების წახალისება მოხდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახეთის რეგიონში, მარეხ მგალობლიშვილი, 13 წელზე მეტია, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.

ის ასევე არის სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატიც და გარდა ორგანიზაციისა, ინდივიდუალურადაც მუშაობს დღემდე ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ საქმეებზე და მათ უფლებების დაცვაში აქტიურად ეხმარება. მარეხი ასევე იღებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, რომელიც ქალთა უფლებების დაცვასა და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

იგი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ამ კუთხით მუშაობას იწყებდა, ქალთა უფლებებზე და მათ დაცვაზე აქტიურად არავინ ლაპარაკობდა. ასევე არ იყო გამართული საკანონმდებლო ბაზაც. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული სიტუაცია ნელა, თუმცა საგრძნობლად შეიცვალა.

,,მეთვრამეტე წელია რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობ. მანამდე მე არ მქონდა შეხება ქალთა საკითხებთან, რადგან მაშინ ეს ხსენებაშიც არ იყო. როდესაც დავიწყე მუშაობა ამ სამსახურში, მაშინ დავიწყე აქტიურობა ამ მიმართულებითაც. თავიდან არ იყო აქტუალური ეს თემა და მაშინ გახდა, როცა, ასე თუ ისე, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა, ეს საკითხი. თავიდან ცალკე პროექტები, ასევე მოწყვლად ჯგუფად არ გვყავდა ქალები მოაზრებული და არც საზოგადოებაში არ იყო საუბარი ამაზე. აღსანიშნავია, რომ მაშინ დახურული იყო ეს თემა, ოჯახური დავებზე არავინ ლაპარაკობდა, არც ძალადობაზე, არც რეგულაციები არ იყო, არც პოლიცია ერეოდა ოჯახურ საქმეებში.

რაც გენდერული თანასწორობის კანონი შემოვიდა, ალბათ უკვე 13 წელიწადია რაც ამ საკითხით ვარ მთლიანად დაკავებული. ვარ ასევე სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატი და ამიტომაც გარდა იმისა, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ კახეთში, ასევე ვაწარმოებდი საქმეებს როგორც ადვოკატიც”,- განაცხადა მარეხი მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, საია სხვადასხვა კუთხით აქტიურად მუშაობს, თუმცა ახლა ორგანიზაციის ძირითადი ბენეფიციარები ქალები არიან. მარეხი აღნიშნავს, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ამ კუთხით.

მისი თქმით, ბოლო წლებია, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, მზარდია ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტები. მისივე განმარტებით, ადრე ამ საკითხზე ქალები არ საუბრობდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების და გარკვეულწილად სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის შედეგია, რომ დღეს ყველა ქალმა იცის ვის, სად და როგორ მიმართოს უფლებების დასაცავად.