სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს- თელავში აქცია გაიმართა
ოჯახში ძალადობა და ადამიანთა უფლებების დარღვევა ქვეყანაში ისევ აქტუალური საკითხია და პრობლემურია.
დღეს თელავის ახალგაზრდულმა საბჭომ, სოლიდარობა გამოხატა ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლი ადამიანის მიმართ და თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდუმარე- “ფეხსაცმელების აქცია” გამართა.
„ეს ინსტალაცია გამოხატავს იმ უჩინარი ადამიანების ამბავს, რომლებმაც ხმის ამოღება ვერ შეძლეს, თავი ვერ გადაირჩინეს, ვერ გადაარჩინეს სხვა, ვერ შეძლეს ძალდობისგან თავის დაღწევა. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ ძალადობას არ აქვს გამართლება, ამოიღონ ხმა და გადაარჩინონ საკუთარი თავი, გადაარჩინონ სხვები“,– განაცხადა თელავის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ, მარიამ ოქროცვარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.