მარეხი მგალობლიშვილი- ქალთა უფლებების დამცველი კახეთიდან
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახეთის რეგიონში, მარეხ მგალობლიშვილი 13 წელზე მეტია, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.
ის ასევე არის სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატიც და გარდა ორგანიზაციისა, ინდივიდუალურადაც მუშაობს დღემდე ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ საქმეებზე და მათ უფლებების დაცვაში აქტიურად ეხმარება. მარეხი ასევე იღებს სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, რომელიც ქალთა უფლებების დაცვასა და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
იგი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ამ კუთხით მუშაობას იწყებდა, ქალთა უფლებებზე და მათ დაცვაზე აქტიურად არავინ ლაპარაკობდა. ასევე არ იყო გამართული საკანონმდებლო ბაზაც. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული სიტუაცია ნელა, თუმცა საგრძნობლად შეიცვალა.
,,მეთვრამეტე წელია რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობ. მანამდე მე არ მქონდა შეხება ქალთა საკითხებთან, რადგან მაშინ ეს ხსენებაშიც არ იყო. როდესაც დავიწყე მუშაობა ამ სამსახურში, მაშინ დავიწყე აქტიურობა ამ მიმართულებითაც. თავიდან არ იყო აქტუალური ეს თემა და მაშინ გახდა, როცა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა ასეთუისე ეს საკითხი. თავიდან ცალკე პროექტები, ასევე მოწყვლად ჯგუფად არ გვყავდა ქალები მოაზრებული და არც საზოგადოებაში არ იყო საუბარი ამაზე. აღსანიშნავია, რომ მაშინ დახურული იყო ეს თემა, ოჯახური დავებზე არავინ ლაპარაკობდა, ძალადობაზე, არც რეგულაციები არ იყო, არც პოლიცია ერეოდა ოჯახურ საქმეებში.
რაც გენდერული თანასწორობის კანონი შემოვიდა, ალბათ უკვე 13 წელიწადია რაც ამ საკითხით ვარ მთლიანად დაკავებული. ვარ ასევე სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატი და ამიტომაც გარდა იმისა, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ კახეთშუ, ასევე ვაწარმოებდი საქმეებს როგორც ადვოკატიც”,- განაცხადა მარეხი მგალობლიშვილმა.
მისი თქმით, საია სხვადასხვა კუთხით აქტიურად მუშაობს, თუმცა ახლა ორგანიზაციის ძირითადი ბენეფიციარები ქალები არიან. მარეხი აღნიშნავს, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ამ კუთხით.
,,ჩვენი ბენეფიციარები არიან ქალები და ორგანიზაციასაც ძირითადი მიმართულება ქალთა უფლებებზე აქვს. ეტაპობრივად იცვლებოდა დამოკიდებულება წლების განმავლობაში და ჩვენც მივყვებოდით ფეხდაფეხ. იყო რთული პერიოდი გასავლელი საკანონმდებლო დონეზე ქალთა უფლებების წარმოსაჩენად და სახელმწიფოს ყურადღების მისაქცევად. გასულ წლებში, როცა იყო ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, არ კვალიფიცირდებოდა ეს ქალთა მიმართ დანაშაულად.
არ არის დიდი ხნის სიახლე, რომ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა ცალკე გამოიყო როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ისე სხვა სამართლებრივ ნორმებში. ამიტომაც დიდი ღვაწლი და დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ეს თემა ყოფილიყო საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული. ვერ ვიტყვი, რომ ახლა სრულყოფილია კანონმდებლობა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით ამ კუთხით სიტუაცია გამოსწორებულია. ქალთა უფლებები არ არის მხოლოდ ოჯახში ძალადობა: ასევე ირღვევა ქალთა უფლებები შრომით ურთიერთობებში და სხვადასხვა სფეროში დღემდე უთანასწორობა შეინიშნება შრომის ანაზღაურების ნაწილში.
არ ყოფილა ალბათ დღე, ორგანიზაციაში რაც მე ვარ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ ყოფილიყოს ჩვენთვის, არ ყოფილიყოს ბენეფიციარი ჩვენთან მოსული და ერთი დღე არ მახსოვს ისე გასულიყოს, რომ მე ამაზე არ მქონდეს კონსულტაცია და ვინმესთვის რამე პატარა დახმარება არ გამეწიოს”,- განუცხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო წლებია განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, მზარდია ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტები. მისივე განმარტებით, ადრე ამ საკითხზე ქალები არ საუბრობდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების და გარკვეულწილად სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის შედეგია, რომ დღეს ყველა ქალმა იცის ვის, სად და როგორ მიმართოს უფლებების დასაცავად.
,,ბოლო წლებია სტატისტიკურად ჩვენთან ყველაზე მეტი საქმეები შემოდის ოჯახში ძალადობის კუთხით. ეს არ არის მარტო ის საკითხი, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, გამოწერილია დამცავი ორდერი და პოლიციაა ამაში ჩართული ან პროკურატურა. ამას თან მოსდევს ასევე ბავშვთა უფლებები, ქალთა ეკონომიკური უფლებები, იმიტომ, რომ ქალი რჩება სახლის გარეშე, ბავშვებზე დავაა, ქონებაა გასაყოფი და სხვა. ამიტომ ესენია ოჯახში კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი დავები.
სტატისტიკას რომ ვუყურებთ და მზარდია, განსაკუთრებით კახეთში, ეს რათქმაუნდა შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არის მეორეს მხრივ გამოვლენილი და დაფიქსირებული შემთხვევები. ბოლო პერიოდში თამამად მიმართავენ ქალები პოლიციას. ადრე მორიდებულად იყვნენ, ვერ ამბობდნენ ძალადობის შესახებ და გვჭირდებოდა სპეციალური მუშაობა მათთან, რომ ესაუბრათ. ახლა, ამდენი მუშაობის შედეგად, ამდენი ორგანიზაციის, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად ცნობიერების ამაღლების შემდეგ, უკვე ყველამ იცის ვის, სად და როგორ უნდა მიმართოს. მეორე საკითხია, რომ კანონი შეიძლება ბოლომდე არ იცავს ქალებს და არ არის უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხება, მაგრამ ვთვლი, რომ გარკვეული შედეგი ამ კუთხით არის.
ამიტომ გამოსავალი აქედან არის ისევ და ისევ განათლება, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და გამართული საკანონმდებლო ბაზა. როცა ქალებს ექნებათ ის რწმენა და ნდობა, რომ სახელმწიფო მექანიზმი მათ სრულყოფილად დაიცავთ, ისინი უფრო თამამად ისაუბრებენ. მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების იმედზე ვერ იქნება უფლებადარღვეული ადამიანი. სასამართლო უნდა იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, საკანონმდებლო ბაზაც უნდა იყოს ისე გამართული, რომ სრულყოფილად უზრუნველყოფდეს ქალის უფლებების დაცვას ყველა გარშემომყოფებისგან, რომელიც მას და არასრულწლოვან ბავშვებს ზიანს აყენებს.”