ახალი ამბები

როგორია ეპიდსიტუაცია კახეთში და რა ვირუსებია გავრცელებული რეგიონში

ბოლო პერიოდში, კახეთის რეგიონში გრიპის და რესპირატორული ვირუსების ცირკულაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, სისუსტე- ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რესპირატორულ და სეზონურ გრიპებს ახასიათებს. სხვადასხვა დაწესებულებებში მომუშავე პირების უმეტესობის თქმით, ოჯახის წევრებმაც და მათაც ვირუსი გადაიტანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გრიპის ვირუსი კორონავირუსისგან დიდად არ განსხვავდება და გაცილებით რთულად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. რაც შეეხება გრიპის და სეზონურ ვირუსებს, მისი განმარტებით, პიკური პერიოდი დეკემბრის თვეშია მოსალოდნელი.

,,რეგიონში კოვიდის მხრივ სიტუაცია მშვიდი და სტამბილურია, როგორც ქვეყანაში, ასევე კახეთში. გვაქვს შემთხვევების ყოველკვირეული კლება. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეგიონში 3 კოვიდკლინიკაა, ესენია დედოფლისწყაროში, სიღნაღში და საგარეჯოში. ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში 11 პაციენტი მკურნალობს, რომელიც არ არის მძიმე. რაც შეეხება გავრცელებულ შტამებს, ბოლოს იყო ომიკრონის შვილობილი შტამები, რომელიც საქართველოში ცირკულირებდა. ახლა კი მსოფლიოში ცირკულირებს ომიკრონის შვილობილი შტამის ახალი შტამი. კახეთში არის თუ არა ეს ვირუსი გავრცელებული, ჯერ-ჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ზოგად ეპიდსიტუაციას, გრიპის ვირუსებია გავრცელებული და ესენი იყო კოვიდამდე და მას შემდეგაც. კოვიდის დროს იყო რეკომენდაციები, შეზღუდვები და ამის გამო შემცირებული იყო წინა სეზონებზე გრიპის ვირუსით ინფიცირების რაოდენობა. ახლა კი გავრცელებულია სეზონური ვირუსები, რინოვირუსი, რესპირატორული ვირუსები, გაციებითი კორონავირუსები, გრიპი, პარაგრიპი, ენტეროვირუსი და სხვა. ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატოული ვირუსები და მათი რიცხვი საგრძნობლად მომატებულია. ამის მიზეზი არის ის, რომ კორონას შემთხვევები შემცირებულია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევებიდან ამ დროისთვის ყველაზე მეტი პროცენტია რესპირატორული და რინოვირუსის ფაქტები. გრიპი კი ყველაზე მძიმედ მიმდინარე ვირუსია.
,,წელს გამოჩნდა A გრიპი და ეს მიმდინარე წელს თავისი ქვე სახეობებით იქნება დომინანტი. გვაქვს ორი პიკური პერიოდი: ერთი არის ხოლმე დეკემბრის მეორე ნახევარში და მეორე, შედარებით მცირე პიკი, თებერვალშია მოსალოდნელი. აღნიშნული სეზონური ვირუსით უმეტესად ინფიცირდებიან ბავშვები. ყველა ბავშვს, ვინც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს, ჯერ უკეთდება კოვიდზე ტესტი და შემდეგ ხდება მკურნალობის დანიშვნა”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

გრიპის და სეზონური ვირუსების გავრცელების გამო, მიმართვიანობა გაზრდილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოშიც. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, სეზონური ვირუსები უფრო რთული სიმპტომებით მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსი.

,,რესპირატორული ვირუსების მქონე პაციენტების მომართვიანობა მომატებულია. ლაბორატორიული კვლევისას ფიქსირდება, რომ ეს არის არა ბაქტერიული, არამედ ვირუსული ინფექცია, რომელიც იმაზე რთული სიმპტომებით მიმდინარეობს, ვიდრე კორონას შტამი. ძირითადად ესენი ფიქსირდება ბავშვებში და მიმართვიანობაც ამ კუთხით მეტია. სეზონური ვირუსები ასევე გვხვდება პათოლოგიებით და გართულებებით დიდ ასაკის მოსახლეობაშიც”,- განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

გავრცელებული ვირუსების გამო, სკოლებში, ბაღებში და სხვადასხვა დაწესებულებებში, დასწრებადობა საგრძნობლად შემცირებულია. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი შორენა ფროდიაშვილი განმარტავს, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და სეზონური ვირუსები გავრცელებულია თანამშრომლებსა და ბავშვებში.

,,ეს პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბით არის. ბაღებში ბავშვების დასწრებადობა ძალიან შემცირებულია. რაც შეეხება რეგულაციებს, რომელიც კორონას დროს იყო, მოხსნილია და არც ჩვენ გვაქვს. ახალი ვირუსის შემთხვევაში კი მშობლებს მოვუწოდებთ, რომ არ მოიყვანონ ბაღში სიცხიანი, გაციებული და ვირუსის ნიშნების მქონე ბავშვები, რომ სხვა აღსაზრდელებიც იყვნენ დაცული”,- განაცხადა შორენა ფროდიაშვილმა.

კოვიდპანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, ოჯახის ექიმები მზად არიან პაციენტები ბინაზე მართონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა.
„ოჯახის ექიმები მზად არიან, რომ პაციენტები ნახონ და შეაფასონ მათი მდგომარეობა ბინაზეც. განსხვავებით კოვიდისგან, როცა ბინაზე სიარულის შესაძლებლობა მათ შეზღუდული ჰქონდათ, გრიპის შემთხვევაში პაციენტებს ბინაზეც მოინახულებენ. ჰოსპიტალიზაცია იშვიათ შემთხვევაში იქნება საჭირო. საწოლფონდი საკმარისია, რომ პაციენტს, რომელსაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება, გაეწიოს შესაბამისი მკურნალობ “, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მთელი თვის განმავლობაში უფასოდ იყო შესაძლებელი.