იანვრიდან საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები 100 ლარით გაიზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება. სხვა დასაქმებულ პირებთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან კახეთის საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალის ხელფასების 100 ლარით გაზრდა იგეგმება.
კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, მერიებმა ბიუჯეტის პროექტი განსახიველად საკრებულოებს უკვე გადაუგზავნეს. თავის მხრივ საკრებულოებმა კი ფრაქციებსა და კომისიებში მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დაიწყეს. როგორც საკრებულოებში აცხადებენ, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადა 25 ნოემბრამდე აქვთ, შემდეგ კი შენიშვნებით ისევ მერიას უნდა დაუბრუნონ. უწყება კი არსებული შენიშვნების და რეკომენდაციების განხილვას და გათვალისწინებას დაიწყებს.
knews.ge დაინტერესდა როგორი იქნება რეგიონში მომავალი წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსების საკითხი. როგორც გურჯაანის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნატო გონგაძე აცხადებს, დაგეგმილია საბავშვო ბაღების მიმართულებით დაფინანსების გაზრდა და მომსახურე პერსონალისთვის ანაზღაურების გაზრდა.
,,დაგეგმილია ბაღებში მომუშავე ყველა პერსონალისთვის თანხის გაზრდა. თანხა სავარაუდოდ 100 ლარით გაიზრდება მათთვის, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს. ვინც ნახევარ განაკვეთზეა, იმათაც შესაბამისად მოემატებათ ანაზღაურება. თანხების მომატება მოხდება სხვადასხვა საშტატო შკალის მიხედვით. ამ დროისთვის ხდება ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში განხილვა და შემდეგ მერიას გადმოეცემა რეკომენდაციების და შენიშვნების გასათვალისწინებლად. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 31 მილიონ ლარამდეა”,– განუცხადა Knews.ge-ს ნატო გონგაძემ.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორი, შორენა ფროდიაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მისი თქმით, ხელფასების მატება მსგავს დაწესებულებებში მნიშვნელოვანია.
,,37 საბავშვო ბაღში დასაქმებულია 571 თანამშრომელი. დაგეგმილია, რომ ყველა თანამშრომელს მოემატება ხელფასი მომავალი წლიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია”,– განუცხადა Knews.ge-ს შორენა ფროდიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წლის იანვრიდან ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზრდება და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მისი განცხადებით, გარდა ბაღებში მომუშავე პერსონალისა, მომავალი წლიდან ბიუჯეტში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასებისა და დანამატების, ასევე მანდატურების ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული.
„განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე მანდატურების ხელფასები გაიზრდება. საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ასევე მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც, ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, – განაცხადა პრემიერმა.