პოლიციელთა შრომის საშუალო ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება
პოლიციელთა შრომის საშუალო ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება და 2 060 ლარი გახდება 2030 წელს – ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030 -საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ აღნიშნულია.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საბაზისო 2021 წელს პოლიციელთა საშუალო შრომის ანაზღაურება 1435 ლარი იყო, გეგმის მიხედვით 2024 წელს ეს მაჩვენებელი 250 ლარით გაიზრდება და 1685 ლარს გაუტოლდება, 2027 წელს 1 810 ლარი გახდება და ზრდა 375 ლარი იქნება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია რომ პოლიციელის საშუალო შრომის ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება და 2 060 ლარი გახდება.
გარდა ამისა დოკუმენტის თანახმად, მთავრობა გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დოკუმენტში მიმოხილულია უწყებიდან კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინების მაჩვენებელი (%-ით). საბაზისო 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 4%; 2025 წელს დაგეგმილია მისი შემცირება 3.4%-მდე, 2030 წელს კი გადინების მაჩვენებელი 2.8%-ს უნდა გაუტოლდეს.