გაიცანით ხელოვანი და მხატვარ-დიზაინერი ტატო გარაშვილი თელავიდან
თელავში მცხოვრები მხატვარ-დიზაინერი, ხელოვანი ტატო გარაშვილი წლებია სხვადასხვა სახის ნახატებს და ნამუშევრებს ქმნის. ოფორტები, ლითოგრაფია, ნახშირით ხატვა, მონოტოპია, ლინოგრავიურა, კედლის მხატვრობა, ხეზე კვეთა და ქანდაკება- ეს ის მიმართულებებია, რაზეც ახალგაზრდა სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობს.
ის 200 წლის წინანდელ სახლში გაიზარდა და როგორც თავად ამბობს, როგორც მისმა ისტორიამ ასევე თელავმა დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ხელოვანი ამბობს, რომ მხატვრის პროფესია სკოლის ასაკიდან აირჩია და მას შემდეგ მუდმივად პროფესიული უნარების გაძლიერებას ცდილობს. დღეისთვის ტატო სხვადასხვა სახის ნამუშევრებს ამზადებს და როგორც თავად ამბობს,ყველა ნამუშევარში მისი ემოციაა გადმოცემული.
,,დავიბადე ქალაქ თელავში, შემდეგ სასწავლებლად წავედი თბილისში, თუმცა გარკვეული პერიოდი თელავის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. რაც მხატვრობას უკავშირდება, ჩემთვის ეს ყველაფერი ასევე თელავთან არის დაკავშირებული. ინტერესი ხატვის მიმართ პატარაობიდან მქონდა. სკოლაში ძალიან კარგი ხატვის მასწავლებელი გვყავდა, კარგ რჩევებს გვაძლევდა და ელემენტარული ცოდნით შემდეგ დავიწყე სხვადასხვა მიმართულებით განვითარების გზების ძიება. მე-9 კლასში ვიყავი, რომ გადავწყვიტე, რომ მომავალი პროფესია ჩემი უნდა ყოფილიყო მხატვრობა და აქამდე ყველაფეს ვაკეთებ ამისთვის.
ახლა ვმუშაობ თბილისში ტატუმასტერად, ვხატავ, ვცდილობ ქანდაკებების გაკეთებას, ხეზე მუშაობას, დაინტერესებული ვარ ფერწერით. პროფესიით როგორც გრაფიკოსი ხელით ვმუშაობ და ბეჭდვით გრაფიკას ვეღარ ვახერხებ, რადგან არ მაქვს ჩემი სახელოსნო.
ვცდილობ ადამიანების, სხვების, ჩემი ემოციები გადმოვცე ტილოზე და ამ ნამუშევრების სერიას როცა ვაკეთებდი, სწორედ ამ ემოციების გადმოცემას ვცდილობდი. ირონიის, წყენის და სხვა. წლების განმავლობაში, დროდადრო უფრო ვიხვეწებოდი ნამუშევრებში. ამ ყველა ნახატს, თავისი თანამიმდევრობა აქვს და ამით ჩემი განვითარების ეტაპების თხრობა ხდება”,– განუცხადა Knews.ge-ს ტატო გარაშვილმა.
როგორც ტატო განმარტავს, უამრავი სხვადასხვა სახის ნამუშევარი აქვს, როგორც გრაფიკული ასევე საღებავებით დახატული, ხატავს ქვებზე, ასეთებს ლინოგრავიურებს და ცდილობს მეტ სიახლეს შეეჭიდოს.
,,ბევრი ნამუშევარი მაქვს, ბევრი ნამუშევარი სახლში მაქვს, ზოგი გავყიდე, ზოგი გავაჩუქე. დაზგური გრაფიკა ვისწავლე სამხატვრო აკადემიაში, სადაც სადიპლომოც დავიცავი. აღმოვაჩინე, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მე მინდოდა ყოფნა. ეს ჩემთვის პროდუქტიული პერიოდი იყო.
პირველი გამოფენა იყო თელავის ისტორიულ მუზეუმში და ხალხს ძალიან მოეწონა ნამუშევრები. ამიტომ მუზეუმმა დატოვა რამდენიმე ნამუშევარი, რომ ნებისმიერმა მსურველმა ნახოს. არ მაქვს ბევრ გამოფენაში მონაწილეობა მიღებული, თუმცა ვინც მიცნობს, იცის რომ ჩემი კარი ყველა მსურველისთვის ღიაა, მოვიდნენ და შესაძლებლობა აქვთ ნახონ ნახატები.
გამოფენის გაკეთება ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვცდილობ მცირე აქტივობების განხორციელებას და ასე ვაცნობ ნახატებს და ნამუშევრებს საზოგადოებას”,- აცხადებს ტატო.
იგი ასევე განმარტავს, რომ ამ დროისთვის ძირითადად სხვადასხვა სახის შეკვეთებზე მუშაობს.
,,გაყიდვებს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საზოგადოების მიერ ნამუშევრების და მისი ღირებულების სწორად შეფასება ვერ ხდება, რადგან ძვირიან ნახატს უმეტესობა ვერ ყიდულობს, შევეცადე მხატვრობაში მეპოვა ის მხარე, რომელიც შემოსავლიანი იქნებოდა. ასე დავიწყე ტატუს დახატვა, მანამდე კედლის მხატვრობაზე შეკვეთებს ვიღებდი და ახლაც ასეა, ვაკეთებ შიდა და გარე ინტერიერის მოხატვას.
სამომავლოდ მინდა ჩემი სტუდიის გახსნა, სადაც ტატუს დახატებასთან ერთად იქნება საგამოფენო სივრცე. ვფიქრობ ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, სადაც მსურველი ჩემს ნამუშევრებს ნახავს და სურვილის შემთხვევაში შეიძენს.”