ახალი ამბები

საქართველოში სპორტული ავტომობილების გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში აიკრძალა

15 ნოემბრიდან საქართველოში სპორტული ავტომობილების მიმართ წესები გამკაცრდა და მათი გადაადგილება გზებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში აიკრძალა.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში აცხადებენ, რომ გამკაცრებული მიდგომა მხოლოდ სარბოლე ავტომობილებს ეხება. მსგავსი გადაწყვეტილების მიზანი კი ის არის, რომ სპორტული შეჯიბრებებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ქალაქში არ მოხვდნენ.

გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ საჭირო გახდება მსგავსი ავტომობილის შესაკეთებლად გადაადგილება, ვარჯიშის ან შეჯიბრზე მონაწილეობის მიზნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ფედერაციამ სამი დღით ადრე უნდა აცნობოს შსს-ს, რის შემდეგაც სპეციალური ნებართვა გაიცემა.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში აცხადებენ, რომ აქამდე მათთვის ტექინსპექტირება სავალდებულო არ იყო, თუმცა გამკაცრებული მოთხოვნების ფონზე, ახლა სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვისაც სავალდებულო გახდება ტექნიკური შემოწმება. ქვეყანაში დაახლოებით 150-მდე მსგავსი სპორტული მანქანაა რეგისტრირებული.