ახალი ამბები

თხილის სუბსიდირების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან თხილის სუბსიდირების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.

მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 31 იანვრამდე თხილის კადასტრში, თხილის ბაღები უნდა დაარეგისტრირონ.

სამინისტროს განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს „ლიბერთი ბანკის“ აგრობარათები გადაეცემათ. ბარათზე შესაბამისი თანხის ოდენობის ქულების დარიცხვა კი 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადად 2023 წლის 31 აგვისტო განისაზღვრა.

„თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით. უახლოესი ერთი კვირის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია ყოველ ოთხშაბათს“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში, ან სარგებლობაში აქვს 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობი, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის დახმარებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აგრობარათებით, რომლებზეც შესაბამისი თანხის ოდენობით ქულები დაირიცხება, თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შეძენა იქნება შესაძლებელი.

იმ ფერმერებს კი, რომლებსაც 3 ჰექტარი და უფრო მეტი მოცულობის თხილის ფართობები აქვთ, შეეძლებათ ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.